დღეს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, ხარაგაულის საჯარო სკოლებში მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს მათი საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაუკითხეს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მერვე კლასელებს „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა, ნინო კაპანაძემ დიანა ანფიმიადის წიგნიდან „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ ნაწყვეტი წაუკითხა, ხოლო ამავე სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ლიზა ბარბაქაძემ – ნაწყვეტი ო’ჰენრის ნოველიდან „უკანასკნელი ფოთოლი“.
საჯაროდ კითხვის შემდეგ მოსწავლეებთან დისკუსია გაიმართა.
მე-6 კლასში მიწვეული იყო ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, რომელმაც ბავშვებს ნინო ქადაგიძის „ზღაპარ ქალაქის ბიბლიოთეკა“ წაუკითხა. მონათხრობი ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, მან თოჯინებიც გამოიყენა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ტალახაძე, – წელს ეს დღე უფრო საინტერესო გავხადეთ იმით, რომ შევძელით მოგვეწვია სტუმრები, რომლებმაც ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო ნაწარმოებები წაუკითხეს. ვფიქრობ, ამით მათ ცხოვრებაში ერთი კეთილი მარცვალი შევიტანეთ.
ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომლებიც წიგნიერებასთან და ზოგადად, წიგნის კითხვასთან იქნება დაკავშირებული. წიგნის კითხვა და მისი გააზრება ყველა ბავშვს შეუძლია. შესაძლოა, ერთბაშად ვერ ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად, მაგრამ წელიწადში ერთი წიგნიც რომ წაიკითხოს და მასში გადმოცემული ამბების გააზრება შეძლოს, ეს უკვე მიღწევაა. ვფიქრობ, გაჩერების დრო არ გვაქვს. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ მოსწავლეებს წიგნის კითხვა შევაყვარო“.
მერვეკლასელ მარიამ დევდარიანს დღევანდელი აქტივობები, რომლებიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ძალიან მოეწონა. იგი თანატოლებს ურჩევს, რომ ბევრი წიგნი წაიკითხონ.
„ძალიან მიყვარს კითხვა. ძირითადად, დეტექტიური ჟანრის წიგნებს ვკითხულობ. ჩემი საყვარელი წიგნია აგათა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, ხოლო ქართველი ავტორებიდან ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. ამ წიგნებმა ბევრი რამ მასწავლეს. წიგნებს, ძირითადად, ზაფხულის არდადეგებზე ვკითხულობ; ასევე – მეცადინეობის დასრულების შემდეგაც ვახერხებ ხოლმე“.
დღესვე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პირველ კლასში გაიმართა თოჯინების მინი სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც თავად ბავშვები იყვნენ ჩართულები.
„ოთხი ზღაპარი გავაერთიანე და ეს სპექტაკლი ჩემი ინტერპრეტაციით დავდგი. დღვანდელი პანდემიის პირობებში საბავშვო სპექტაკლები არ იდგმება და ბავშვებიც ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან. მათი გახარება მინდოდა. თან დღეს ხომ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა“, – ამბობს სახვითი ხელოვნების პედაგოგი მარინა ვეფხვაძე.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში პოპულარული ღონისძიებაა და მასში მონაწილეთა რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.
ლიკა ხიჯაკაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“