ასოციაცია „ბალავარის“ პროექტში „ვუერთდებით ევროპას“ ხარაგაულიდან სამი საჯარო სკოლა ჩაერთო. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინათინ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანია მოსწავლეების მათემატიკით დაინტერესება.

ბორისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები (დირექტორები ჰამლეტ ბერაძე, ლენა აბაშიძე)  ჩაერთვენ კონკურსში „მათემატიკური წარმოდგენა,“ ხოლო ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კვინიკაძე მათემატიკური პოსტერების კონკურსის მონაწილეა.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, დოდო ლილუაშვილის თქმით, მათემატიკა საკმაოდ რთული მეცნიერებაა. „თეატრალური წარმოდგენისთვის შევარჩიე ის მოსწავლეები, რომლებიც უფრო ძლიერები არიან ჰუმანიტარულ საგნებში. მიზნად დავისახე, რომ მოსწავლეებს გაკვეთილებზე შესწავლილი თეორიული მასალა – ფართობი, პერიმეტრი, მოცულობა, სამკუთხედი, პრაქტიკაში გამოეყენებინათ. ეს დავაკავშირეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან,“ – ამბობს დოდო მასწავლებელი.

ბორის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ლია ჩადუნელმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია მათემატიკა უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს მოსწავლეებისთვის. „გადავწყვიტეთ, თეატრალური წარმოდგენით უფრო გასაგები ყოფილიყო მოსწავლეებისთვის გეომეტრიის ორი სამყარო: მრგვალი ფიგურები და მრავალკუთხედები,“ – ამბობს ლია ჩადუნელი.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „მათემატიკური წარმოდგენის“ ორივე მონაწილე გადავიდა შემდეგ ტურში, პირველი ტურის გამარჯვებულია გიორგი კვინიკაძე, რომელმაც გეომეტრიული ფიგურებით შთამბეჭდავი პოსტერი შექმნა.

ჟიურის თავმჯდომარის, რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის თქმით, გამარჯვებული სკოლების წარმოდგენები ელექტრონულად გაიგზავნება რესპუბლიკური ტურისთვის. „მოსწავლეები ამ წარმოდგენებს თბილისშიც გამართავენ. ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული სკოლის გუნდი ევროპაში გაემგზავრება,“ – აღნიშნა დავით კიკნაძემ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: „მათემატიკური წარმოდგენა“ ბორისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით;

გიორგი კვინიკაძე მათემატიკურ პოსტერს ქმნის.

4

 

2

5

7