საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი და ხარაგაულის ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ცხვედაძე ამ თანამდებობაზე გასული წლის 29 დეკემბრიდან დაინიშნა. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ასევე დასაქმდნენ პავლე თავზარაშვილი და ნინო ჭიპაშვილი. გამოცხადებული უქმეების გამო, საქმიანობას 18 იანვრიდან შეუდგნენ.

დავინტერესდით დეპუტატის ბიუროს გეგმებით; ბიუროს საქმიანობა პარლამენტიდან მიღებულ დავალებებზე იქნება დამოკიდებული, თუ თავად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.

ჩვენს ამ შეკითხვაზე ბიუროს ხელმძღვანელმა ნანა ცხვედაძემ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დებულება წაგვიკითხა.

განმეორებითი ჩაკითხვისას კი განგვიმარტა, რომ დეპუტატის ბიუროს საქმიანობა მოქალაქეთა მიმართვებზე იქნება ორიენტირებული. მანვე გვაცნობა, რომ ბიუროს ამოქმედებიდან ერთი კვირის განმავლობაში დეპუტატის ბიუროსთვის მოქალაქეებს ჯერ არ მიუმართავთ.

დავინტერესდით, რამდენად აისახება ბიუროს საქმიანობაში მოსახლეობის ის მწვავე პრობლემები, რომლებზეც ამომრჩევლებმა წინასაარჩევნო შეხვედრებზე ისაუბრეს.

„წინასაარჩევნო შეხვედრებზე გაჟღერებული პრობლემების ნაწილი მოგვარებულია, – გვპასუხობს ბიუროს თანამშრომელი პავლე თავზარაშვილი, – ნაწილზე კი მუშაობა მიმდინარეობს. წელს ისევ საარჩევნო წელია, მოსახლეობასთან შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

შეხვედრებში ბატონი პაატა კვიჟინაძე აქტიურად ჩაერთვება. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ბატონ პაატას მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ და მან ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. ჯერჯერობით, არ ყოფილა ისეთი საკითხი, რომელიც მან ვერ მოაგვარა“.

დავინტერესდით, რამდენად ექნებათ ამომრჩევლებს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ხარაგაულში შეხვედრის შესაძლებლობა; ამისთვის კონკრეტული დღეები ხომ არ განისაზღვრება.

„მოქალაქეებთან შესახვედრად, ჯერჯერობით, კონკრეტული დღე არ არის განსაზღვრული. ბატონი პაატა სამი მუნიციპალიტეტის დეპუტატია; ამასთან, თანამდებობა უკავია საქართველოს პარლამენტში. წინა მოწვევის პარლამენტში, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, საჩხერელ ამომრჩევლებს ორ კვირაში ერთხელ ხვდებოდა. მისი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, შეეცდება, ამომრჩევლებს ორ კვირაში, ან თვეში ერთხელ შეხვდეს, – ამბობს ნანა ცხვედაძე, – დეპუტატთან შეხვედრა დამოკიდებული იქნება მოქალაქეთა სიმრავლესა და ამომრჩეველთა მოთხოვნაზე.

09:30 საათიდან 18:30 საათამდე ვმუშაობთ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. მაქსიმალურად შევეცდებით, თითოეულ მათგანს დავეხმაროთ“.

ხარაგაულში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ნანა ცხვედაძესთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით შემდეგ ნომერზე 577 61 33 92.

თამთა გოგოლაძე