უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ პირველი თებერვლის ნაცვლად 5 თებერვლის 18:00 საათამდე მიმართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.

განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადაგზავნას. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.   

რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას აუცილებელია ერთვოდეს:

  • გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება პირველ თებერვლამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება.

დანიშნულების ველში აუცილებელია მიუთითოთ: აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და  გამოცდის ზუსტი დასახელება.

გამოცდაში მონაწილე ვალდებულია, რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე, რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) .

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხილეთ ბმულზე.

წყარო