ფრანც ლისტის სახელობის ონლაინ კონკურსის გამარჯვებული თამთა მაღრაძე წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისიდანაა.

ახალგაზრდა პიანისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. ის გახლავთ გერმანიის ფრანც ლისტის საერთაშორისო კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელი. გაიმარჯვა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსში, ლიეტუვის საერთაშორისო კონკურსზე, პირველი ადგილი მიიღო სტოკჰოლმში.

კონცერტები გამართა გერმანიის 25-მდე ქალაქში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში – შვეიცარია, საფრანგეთი, დანია, ჰოლანდია, ლიეტუვა, შვედეთი, პორტუგალია. ამჟამად გერმანიის ქალაქ ვაიმარში სწავლობს და ცხოვრობს.

– თამთა, პირველ რიგში, ბავშვობაზე მიამბე. როდის დაუმეგობრდი ფორტეპიანოს? პიანისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდი?
– საკუთარი თავი მუსიკის გარეშე არ მახსოვს. ბებია მუსიკის პედაგოგია და მოსწავლეები ხშირად მოდიოდნენ  ჩვენთან სახლში. მე კი მის კალთაში ვიჯექი და მათ დიდი სიამოვნებით ვუსმენდი.

ჩემს ოჯახში საშუალო მუსიკალური განათლება ყველას აქვს. ამიტომ მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა გარდაუვალი იყო. ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლიდან დავიწყე და მალევე მივხვდი – მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. უკვე 8-9 წლის ასაკში ვიცოდი, რომ პიანისტობა მინდოდა. თუმცა, მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი, რამდენად რთული გზა მელოდა წინ.

მუსიკალური კუთხით შენს განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი ვის მიუძღვის?
– ჩემს მუსიკოს ბებიას. ის მუდმივად ესწრებოდა ჩემს გაკვეთილებს, გამოცდებსა და კონცერტებს. ერთად დავდიოდით საერთაშორისო კონკურსებზე სხვადასხვა ქვეყანაში. მის გარეშე არც ერთი მუსიკალური ნაბიჯი არ გადამიდგამს საქართველოში ცხოვრების პერიოდში.

ჩემს განვითარებაში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ბაბუას – ზურაბ მაღრაძეს. მთელი ბავშვობა მასთან ერთად ვმღეროდი ორ ხმაში, რამაც სმენა ძალიან განმივითარა. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად გვერდით მიდგას და მან დიდი როლი ითამაშა ჩემს ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები ასევე არიან ჩემი პროფესორები – ემერიტუსი თენგიზ ამირეჯიბი და ედიშერ რუსიშვილი.

– როგორ მოხვდი გერმანიის ქალაქ ვაიმარის ფრანც ლისტის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში?
– ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, სადაც ვიყავი რეიტინგით პირველი აბიტურიენტი. ჩავირიცხე ემერიტუს პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასში. 4 წლის შემდეგ მივიღე ბაკალავრის ხარისხი.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება გადავწყვიტე. მოვიპოვე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია გერმანიაში, შემდეგ კი ჩამოვედი ქალაქ ვაიმარში გამოცდების ჩასაბარებლად, სადაც 140 სხვადასხვა ეროვნების პიანისტი ვმონაწილეობდით მაგისტრატურის მისაღებ გამოცდაზე. საბედნიეროდ, 5 წარმატებულს შორის მოვხვდი და მომეცა გერმანიაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

ვაიმარის უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ძალიან მაღალი დონეა.
ქალაქი ვაიმარი საკმაოდ პატარაა. ჩვენი სასწავლებელი ხუთ დიდი შენობაშია განთავსებული. ფაქტობრივად, ეს არის მუსიკალური ქალაქი, რომლის ყველა კუთხიდან მუსიკა ჟღერს.

– რამდენი წელია, რაც ვაიმარში სწავლობ და სწავლების როგორ მეთოდებს იყენებენ?
– ვაიმარში, უკვე მეოთხე წელია, ვსწავლობ. მაგისტრატურა დავამთავრე და სწავლა გავაგრძელე კონცერტეგზამენის კურსზე – ეს არის გერმანიაში უმაღლესი განათლების პროგრამა პიანისტებისთვის. საკმაოდ რთული იყო აქ ჩაბარება. 100 მსურველიდან მხოლოდ ორი ჩავირიცხეთ. მეორედ  მოვიპოვე DAAD-ის სტიპენდია, 2 წლით.

აქ ძალიან მაღალია სწავლის დონე, პედაგოგთა კვალიფიკაცია და მათთან ურთიერთობის ხარისხი. ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის კონტაქტები მუსიკალურ საზოგადოებასთან. აქ ადამიანი ძალიან სწრაფად ვითარდება.

– მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ფრანც ლისტის ონლაინ კონკურსში გაიმარჯვე, გვიამბე ამის შესახებ?
– მსოფლიოში ლისტის სახელობის სამი კონკურსი არსებობს. მათგან ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია ნიდერლანდების, კერძოდ ქალაქ უტრეხტის კონკურსი, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე.

შესარჩევი ტურები ჩატარდა უტრეხტში, შანხაიში, ნიუ იორკსა და მოსკოვში. შეირჩა 14 მონაწილე, სადაც ერთადერთი ქართველი ვიყავი. კონკურსი მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, ორჯერ გადაიტანეს. გასული წლის ნოემბერში კი საერთოდ გაუქმდა.

ეტყობა, კონკურსის დირექციას არ უნდოდა კონკურსის სრულად გაუქმება, ამიტომ მათ ჩვენი ჩანაწერებით ისარგებლეს და ერთი თვის წინ კონკურსის ონლაინ ჩატარება გადაწყვიტეს. ამან ძალიან გამახარა და ამ კონკურსში გამარჯვების შანსი  მომცა. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მომცეს ხმა. ა

მ კონკურსში გამარჯვებით დამაჯილდოეს ფულადი ჯილდოთი და საკონცერტო ტურით 4 ქალაქში – ბუდაპეშტი, უტრეხტი, ვაიმარი და ბაიროითში, სადაც ძირითადად, ლისტის ნაწარმოებებს შევასრულებ.

– ხარაგაულს და მარელის რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
– ჩემი ზღაპრული სოფელი მარელისი ყველაზე კარგ მოგონებებთან მაკავშირებს. მთელი გულით ველოდები ხოლმე ზაფხულის დადგომას. მარელისში გული სხვანაირად მიცემს. საოცრად მიყვარს ჩემი სახლი და  ბედნიერი ვარ იმით, რომ მარელისშიც მაქვს შესაძლებლობა ვიმეცადინო, რადგან ბაბუამ რამდენიმე წლის წინ პიანინო მიყიდა.

ყოველთვის ვიცი, რომ მარელისში მელოდებიან ომარი ბაბუა და ცემარი ბებია, ვის გარეშეც იქაურობა ვერ წარმომიდგენია. მინდა აქედან მოვიკითხო ისინი და უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის.

– როგორია შენი უახლოესი გეგმები?
– დაგეგმილი კონცერტების შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას ვაპირებ. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერჯერობით დაზუსტებით თქმა მიჭირს.

„ჩემი ხარაგაულის“ მკითხველს პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყველაფერ საუკეთესოს. დიდი იმედი მაქვს რომ 2021 წელი ბევრად უკეთესი იქნება და მალე შევძლებ ჩემს საყვარელ მარელისში ჩასვლას.

იმედს არ ვკარგავ, რომ სოლო კონცერტს ხარაგაულშიც ჩავატარებ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ კარგი ინსტრუმენტი და სათანადო განწყობა, რომელიც ზემო იმერეთში ყოველთვის ძალიან მაღალია.

ლიკა ხიჯაკაძე