„ერთი წელი კვლავ გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება მოგვიწევს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩემი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. ვფიქრობ, რომ ვირუსი თავის ბიოლოგიურ ციკლს ერთ წელიწადში დაამთავრებს და ალბათ ის სეზონურ გრიპად იქცევა. შესაბამისად, უფრო სუსტი იქნება.

სავარაუდოდ, ვაქცინაცია სეზონურად დაგვჭირდება ისევე, როგორც გრიპის შემთხვევაში. ის გეგმები, რაც განვითარებულ ქვეყნებს აქვს, – ანუ მსოფლიო მოსახლეობის 60-70% -ის აცრა, – შედეგად მოგვცემს იმას, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ თანდათან  ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 253 816-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 311 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 243 396-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარაში – 18, იმერეთში – 44, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 19, გურიში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 32, კახეთში – 26, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში -12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.