ყველა ერთხმად თანხმდება, რომ პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განსაკუთრებით ის ადამიანები დაზარალდნენ, რომელთა საქმიანობის სფეროც შეჩერდა. ესენია – რესტორნები და კვების ობიექტები, ტრანსპორტი, სამრეწველო პროდუქციით ვაჭრობა.

სახელმწიფო ასეთ ადამიანებს ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარა, თუმცა ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რესტორნები და კვების ობიექტები

კიცხის სარიტუალო დარბაზი „არგო“, უკვე მეხუთე თვეა, აღარ ფუნქციონირებს. მისი მფლობელი იზოლდა კვანტრიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური კუთხით მას დიდი ზიანი მიადგა. ჯერ სახელმწიფოს დახმარება არ აუღია.

„ორმა ოჯახმა ყაზახეთში 20 წელი ვიმუშავეთ და ყველაფერი ამ დარბაზის გაკეთებას მოვახმარეთ. ახლა კი ჩვენი საქმიანობა გაჩერებულია. საშველიც არ ჩანს. ზაფხულზე დარბაზმა მხოლოდ ორი თვით იმუშავა. მაშინ ყველა რეკომენდაციას ვიცავდით. დღეს მხოლოდ 20-30 კაცზეა დაშვებული სუფრის გაკეთება. ამას ოჯახებშიც კი ახერხებენ.

დარბაზს როდესაც ვამუშავებდი, ღორები მოვაშენე. ნარჩენებით ვკვებავდი. ახლა კი ისინი გავყიდე, რადგან მათთვის საკვების ყიდვა ვეღარ შევძელი. ფაქტობრივად, დარბაზში ვცხოვრობ. აქაურობას ვერ ვტოვებ და ოჯახში ვერ მივდივარ. პატარა სათბური გავაკეთე და თავს ამით ვირჩენ.

ყველანაირად დავზარალდი – ეკონომიკურად, მორალურად, მაგრამ მთავარი მაინც ჯანმრთელობაა. ვიმედოვნებ, კორონავირუსი ჩვენი ცხოვრებიდან მალე გაქრება“.

ტრანსპორტი

მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 28 ნოემბრიდან შეჩერებულია. ამ შეზღუდვის მოხსნა 18 იანვარს იგეგმებოდა. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა პირველი თებერვლამდე გახანგრძლივდა.

დაზუსტებით ჯერ ისიც არ არის ცნობილი, შეძლებენ თუ არა მძღოლები თავიანთი საქმიანობის პირველი თებერვლიდან გაგრძელებას.

ჯონი არევაძე ლეღვანი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლია. ის ამბობს, რომ თავისი საქმიანობით ოჯახს არჩენდა. ახლა კი რთულ მდგომარეობაშია.

„სახელმწიფოსგან 300 ლარიანი დახმარება ავიღე. მყავს მეუღლე და სამი შვილი. მითხარით, 2 თვეში 300 ლარი როგორ უნდა გვეყოს? ვინც ეს თანხა გამოყო, თვითონ ამ თანხით თავს ირჩენს?! შობა-ახალი წელი იყო, ელემენტარულად ბავშვებს ტკბილეული მაინც ხომ უნდა უყიდო?! მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ძლივს გაგვაქვს თავი.

ამბობენ, ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან აღდგებაო. ასე ამბობდნენ 18 იანვარზეც, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა“.

სამრეწველო პროდუქციით ვაჭრობა

მხოლოდ დიდ ქალაქებში შეიზღუდა სამრეწველო პროდუქციით ვაჭრობა. ხარაგაულში ის დაშვებულია, თუმცა მოვაჭრეებს ახალი პროდუქციის მოტანა, ფაქტობრივად, შეზღუდული აქვთ. ამას ორი მიზეზი განაპირობებს – არ არის ტრანსპორტი. შესაბამისად, ვერ გადაადგილდებიან და ის ობიექტები, საიდანაც მოჰქონდათ პროდუქცია, დახურულია.

ნინო ლომიძე ხარაგაულის უნივერმაღის შენობაში დახლს ფლობს, სადაც ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციით ვაჭრობს. ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებული აქვს.

„პანდემიამ დიდი ზიანი მომაყენა. კორონავირუსი შემხვდა და ძალიან მძიმედ გადავიტანე. შიშით გარეთ ახლაც ვერ გამოვდივარ. თან ლილოს ბაზრობაც დახურულია და ახალ პროდუქციას მაინც ვერ მოვიტან“.

 

როგორ უნდა დაიძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი?

ეკონომიკის ექსპერტ ნიკა შენგელიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო რეალურად უნდა დაეხმაროს  იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა.

„მთავრობამ 200 ლარიანი დახმარება დააწესა მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა. ამას თან ფილტრიც მოაყოლა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა ნაწილი ამ პროგრამაში ვერ ჩაერთო და დახმარების გარეშე დარჩა. ეს ძალიან ცუდია. ის ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარება წინასაარჩევნოდ დაარიგეს. მესმის, რომ ჩვენ ვერ შევედრებით განვითარებულ სახელმწიფოებს, სადაც გაცილებით დიდია დახმარების მოცულობა.

საქართველოს ეკონომიკა რომ ამოქმედდეს, საჭიროა მოსახლეობას ფული გაუჩნდეს. მოსახლეობაში ფული გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მათ სახელმწიფო დაეხმარება“.

მთავრობამ დიდი საგარეო ვალი აიღო. ამის საფუძველზე ნიკა შენგელიას მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს იმის რესურსი, რომ მოსახლეობას 200 ლარით ყოველთვიურად დაეხმაროს.

ლიკა ხიჯაკაძე