განათლები მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა მეთოდური დოკუმენტაცია, სტრატეგიული განვითარების გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდნენ სკოლამდელი დაწესებულებები. დასრულდა მუშაობა სკოლამდელი განათლების კანონზე. შემუშავებულია სკოლამდელი განათლების კურუკულუმი.

წინასასკოლო მომზადების პროგრამის გავლა ორ წელიწადში სავალდებულო გახდება ყველა სკოლამდელი (5-6 წ.) ასაკის ბავშვისთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამის მიწოდება ყველა სკოლამდელისთვის, რათა შემდგომში თითოეული მათგანი მზად იყოს ზოგადი განათლების მისაღებად; ასევე გამომუშავებული ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას დაეხმარება სასკოლო სივრცეში ადვილად ადაპტირებაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის მასწავლებლები სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში. მოქმედი მასწავლებლებისთვის მომზადებულია გადამზადების პროგრამა.

მასწავლებლები, რომლებიც დღემდე სკოლამდელ დაწესებულებებში ატარებდნენ სააღმზრდელოსთან ერთად საგანმანათლებლო საქმიანობას, მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირის დროიდან გადმოყოლილი სტერეოტიპებით. მათ 2005 წლის შემდეგ აქვთ აღმზრდელების და არა მასწავლებლების სტატუსი. მათ არ მოეთხოვებოდათ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება, თუ ეს არ იყო კონკრეტული საბავშვო ბაღის გადაწყვეტილება ან არ იყო იმ ადამიანის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურებოდა ამ საქმეს.

ამ მიმართულებით მასწავლებლების გადამზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ილიას უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაიწყება მასწავლებლების მომზადება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სამუშაოდ. პროფესიული განათლების სასწავლებლებში მომზადდებიან საბავშვო ბაღის აღმზრდელები.

ეს ინფორმაცია ლია გიგაურმა ქუთაისში პროექტის „საქართველოს მთავრობა-ღია მმართველობისთვის“ფარგლებში ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გაავრცელა.

ლაურა გოგოლაძე