„განათლება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. შეუძლებელია სხვა რომელიმე სეგმენტის განვითარება განათლებისა და მეცნიერების განვითარების გარეშე. მეცნიერება ბმაში უნდა იყოს კვლევასთან და განათლების განვითარება უნდა დაეფუძნოს ბაზრის მოთხოვნებს, – აღნიშნა მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა მუშაობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას ქალაქ ქუთაისში. შეხვედრა გაიმართა სასტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის „საქართველოს მთავრობა-ღია მმართველობისთვის“ფარგლებში. შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორისა და სამინისტროების ანგარიშებს გაეცნო დამსწრე საზოგადოება.

„დღეს ჩვენ ახალი სტრატეგიის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განათლების ახალი მოდელი იყოს ოპტიმიზირებული და ორიენტირებული განვითარებაზე, უწყვეტობაზე, კონკურენტუნარიან და სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქეების აღზრდაზე, რაც მთავარია, პროფესიონალიზმზე, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში. სისტემა, მთლიანობაში, იცვლება. დაგეგმილია ყველა დონეზე განვითარება,“ – აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

მისი თქმით,პირველ რიგში საჭირო იყო განათლების სისტემის დიაგნოსტიკა – სად იყო სუსტი წერტილები, – და შემდგომ – მიზნების დასახვა განვითარებისთვის. „განათლების სისტემა, სადაც დასაქმებული იყო 70 ათასამდე ადამიანი და სკოლებში სწავლობდა 600 ათასამდე მოსწავლე, იყო ყველაზე უფრო პოლიტიზირებულიდა ნაკლებად ორიენტირებული ძირითად მიზანზე, – განათლებასა და განათლების ხარისხზე, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, – თითქმის ერთი წლის მანძილზე ტარდებოდა კომპლექსური კვლევები სხვადასხვა ჭრილში. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შევქმენით განათლების სისტემის სტრატეგიული განვითარების კონსოლიდირებული ათწლიანი გეგმა, – მანამდე არასოდეს ასეთი დოკუმენტი განათლების სისტემას არ ჰქონია.

რატომ კონსოლიდირებული? იმიტომ, რომ ამ სტრატეგიაში გაერთიანდა სკოლამდელი განათლება (მანამდე საქართველოში „სკოლამდელი განათლების დაწესებულება“ – ასეთი ტერმინიც არ არსებობდა), ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ამ სტრატეგიის ფარგლებში აღმოიფხვრება ის ჩიხები, ის წყვეტები, რომელიც არსებობდა ზოგადი განათლებიდან პროფესიულზე გადასვლაში, პროფესიულიდან – უმაღლესში და უმაღლესიდან მეცნიერებასთან დაკავშირებით.

ამ გეგმით ჩვენ ზუსტად ვხედავთ, საით უნდა წავიდეს განათლების სისტემა, როგორ უნდა განვითარდეს და რა არის ყველაზე პრიორიტეტული.“

ლაურა გოგოლაძე