კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.

აღდგება თუ არა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მინისტრის თქმით, ამაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.

„პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან.

კონკრეტულად აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა და რომელი  სფეროები გაიხსნება, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს. მაშინ გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური. ყველა სფერო არ გაიხსნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების შესახებ და აღნიშნა, რომ მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოდანაა მოსალოდნელი.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის, არამედ მართვის კომპონენტშიც.

ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე. დღეს კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.

რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 234, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 103, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.