„ჩემს შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა გეომეტრიამ, რომელიც მე დავუმორჩილე ცოცხალ მოდელს, მოდელი კი თვითონ გეომეტრიას. შესაბამისად, ადვილად შევძელი მიახლოება ჩემს შემოქმედებაში გარკვეულ ფიგურალურ კომპოზიციასთან“, – ამბობს ხელოვნების ქურუმი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი, მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ლევან ცუცქირიძე.
ბატონი ლევანი დღეს, 12 იანვარს, 95 წლის გახდა.
ლევან ცუცქირიძე თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით მჭიდროდაა დაკავშირებული ხარაგაულთან. ის წარმოშობით სოფელ მოლითიდანაა. ზაფხულობით ხშირად სტუმრობს მშობლიურ სოფელს.
„ხარაგაული იმერეთის უმშვენიერესი მხარეა. თავისი ბუნებითა და ხალხით ის ჩემთვის ძალზედ მშობლიური და ახლობელია. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სოფელი მოლითი. მან თავისი ულამაზესი გარემოთი და კეთილი ხალხით დიდი გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე“, – ამბობს ბატონი ლევანი.
მხატვრობისადმი ნიჭი ადრიდანვე გამოავლინა, – ბავშვობაში დოქის ნატეხებზე ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ბევრი წინაღობა შეხვდა. ტოტალიტარული რეჟიმი შემოქმედ და თავისუფალი სულის ადამიანს ძლიერ დაბრკოლებებს უქმნიდა.
მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, სამხატვრო აკადემიაში სწავლის წლებს მაინც კარგად იხსენებს, რადგან ისეთ მხატვრებთან უწევდა ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ: დავით კაკაბაძე, ნიკოლოზ კანდელაკი და სერგო ქობულაძე.
„ჩემი შემოქმედება ვაჟა-ფშაველას ზემოქმედებით დაიწყო. მისი თითოეული ნაწარმოები ხომ სიღრმეებით გამოირჩევა, – ამბობს ბატონი ლევანი, – დიდი გავლენა იქონია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანმა“, ასევე ჩემი დროის თეატრმა, რადგან იქ ისეთი მსახიობები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ: აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, გიორგი შავგულიძე და კიდევ სხვა მრავალი. ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს მთას. ახალგაზრდობაში ფეხით მოვიარე ფშავ-ხევსურეთი. დავესწარი ფშავ-ხევსურების დღესასწაულს, ათენგენობას, სადაც გავიცანი სოფლის თავკაცი საბა. ეს ყველაფერი ჩემს შემოქმედებაში აისახა“.
ბატონი ლევანის შემოქმედება რენესანსამდე არსებული ბიზანტიური მხატვრობის სკოლების გავლენითაა შექმნილი.
მან გააფორმა ვაჟა-ფშაველას პოემები, გალაკტიონის, ანა კალანდაძის, ირაკლი აბაშიძის კრებულები, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, გოეთეს „ფაუსტი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.
ლევან ცუცქირიძემ 1980 წელს სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა. გამოიცა მისგან დასურათებული ბიბლია. მისი ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში, ბელგიაში, გერმანიაში და აშშ-ში. ლევან ცუცქირიძის ნამუშევრებს გაეცვნენ ჰოლანდიაში, დანიაში, ინგლისსა და იტალიაში.
„ტილოს შექმნის დროს მთავარი არის გაბედულება და ინტუიცია, რომელსაც შინაგანი თავისუფლება აძლევს ხელოვანს. შინაგანი თავისუფლების წყალობით კი შეიძლება კარგი ნახატი გამოვიდეს. ახალგაზრდებს ვურჩევ, საგნობრივი ცოდნა შემოქმედებით ნიჭს დაუკავშირონ. ბევრი წიგნი წაიკითხონ, მათ შორის ქართველი კლასიკოსების“, – ამბობს ბატონი ლევანი.
მისთვის ცხოვრებაში უმთავრესი სამშობლო და თავისუფლებაა – „არაერთ ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგრამ გული მაინც საქართველოსკენ მომიწევდა. შეიძლება ითქვას, რომ სხვაგან ვერც ვიცხოვრებდი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ქვეყანა, ჩემი კუთხეა, ადამიანები, რომლებიც ჩემს შემოქმედებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ“.
95 წლის ასაკშიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ამჟამად ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან ისეთ პერსონაჟებს ქმნის, რომლებიც ადრე მის ნახატებში არ ასახულა.
ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ და ჭაბუა ამირეჯიბის იმ სიტყვებით დავასრულებ, რომლითაც მან ლევან ცუცქირიძე დაახასიათა – „ყველა დროის უმშვენიერესი დიდოსტატი, მხატვარი, რომელიც არავის ჰგავს და ვერც ვინმე მიბაძავს“.
ლიკა ხიჯაკაძე
ლევან ცუცქირიძის ნახატებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.