ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 მაისს დაგეგმილი მორიგი სხდომა, დეპუტატთა უმრავლესობის გამოუცხადებლობის გამო, ჩაიშალა და 8 მაისისთვის გადაიდო. 7 მაისს საკრებულოს 28 წევრიდან სხდომაზე მხოლოდ 10 დეპუტატი გამოცხადდა.

საკრებულოს წევრის, ნოდარ ებანოიძის ვარაუდით, ერთდროულად 18 დეპუტატის გამოუცხადებლობა არ იყო შემთხვევითი და ამას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა.

მისივე ვარაუდით, სხდომაზე კოლექტიური გამოუცხადებლობა უკავშირდებოდა მოქალაქე მალხაზ კუპრაძის საკრებულოსადმი მიმართვას, დაეთმოთ მისთვის გარკვეული დრო პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 7 მაისს საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეთა ჯგუფს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნა. სწორედ ამ დღეს ამოქმედდა ადმინისტრაციულ შენობაში დაცვის პოლიციის სამსახური.

მეორე დღეს, 8 მაისს, საკრებულოს სხდომა შედგა. სხდომას 21 დეპუტატი და 22 მოქალაქე ესწრებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა, ა(ა)იპ `ხარაგაულდასუფთავებას~ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია; ცვლილებები შეიტანეს 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, საკრებულოს რეგლამენტსა და რამდენიმე დადგენილებაში.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვა მისცა მალხაზ კუპრაძეს, რომელმაც ისაუბრა მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ მდგომარეობასა და იმ ზეწოლებზე, რომელსაც ხელისუფლება საპროტესტო მუხტის მქონე მოქალაქეების მიმართ ახორციელებს.

მალხაზ კუპრაძის გამოსვლას სხდომათა დარბაზში დიდი ხმაური მოჰყვა. გამგებელმა და რამდენიმე დეპუტატმა ზეწოლის ფაქტების დაკონკრეტება და იმ მოქალაქეების მოყვანა მოითხოვეს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა.

მალხაზ კუპრაძემ პიროვნებების დასახელებისგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ მათზე ზეწოლა გაძლიერდება. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ხარაგაულში პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ ოფისის გახსნის დღეს, 17 აპრილს, სამარშრუტო რეისებიც კი ჩაიშალა იმის შიშით, რომ მოქალაქეები არ დასწრებოდნენ ოფისის გახსნას. მოქალაქეებს აშინებენ სამსახურიდან გათავისუფლებით, დაჯარიმებით, სოცდახმარების თემით მანიპულირებენ და ა. შ.

`ორიოდე დღის წინ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა არაჩვეულებრივი განცხადება, რომ საქართველოს დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სტაბილურობა და საზოგადოების კონსოლიდაცია, – აღნიშნა თავის გამოსვლაში მალხაზ კუპრაძემ, – ხარაგაულში უნდა შეწყდეს მოქალაქეებზე ზეწოლა და ძალადობა. ადამიანებს უნდა ისარგებლონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, გამოხატონ პროტესტი.~

ლაურა გოგოლაძე