ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით წელს კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობის შესაქმნელად ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. ეს სოციალური პროგრამა მომავალ წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროგრამის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვაზის ნერგებს უფასოდ მიიღებენ.

„ვაზის სანერგე მეურნეობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს იდეის ავტორი და განმახორციელებელი, ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე, – სასიხარულოა, რომწლების მანძილზე ხელისუფლებისგან უყურადღებოდ დარჩენილი სოფლის მეურნეობის სუბსიდირება დაიწყო. მოსახლეობას არავითარ რეკომენდაციას არ აწვდიდნენ აგროტექნიკურ ღონისძიებებზე და სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მევენახეობა და ყურძნის სანედლეულე ბაზა განადგურდა.“

იუზა კელენჯერიძე ამბობს, რომ ხარაგაული განსაკუთრებული და უნიკალური რეგიონია საუკეთესო საშამპანურე ღვინო-მასალების წარმოებისთვის. მისივე თქმით, გასულ საუკუნეში ხარაგაულში ძირითადად მევენახეობა და მეღვინება იყო წამყვანი დარგები. ხარაგაულში თითქმის ყველა ოჯახში უვლიდნენ ვაზს, მოჰყავდათ ყურძენი და ეს შემოსავლის წყარო იყო.

„2006 წლიდან ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმთან ერთად ოჯახური წესით წარმოებული ღვინის დეგუსტაცია-ფესტივალს ვატარებთ, – გვიამბობს იუზა კელენჯერიძე, – ამით ხელს ვუწყობთ, რომ უნიკალური დარგისადმი ინტერესი და სიყვარული არ გაქრეს. ფესტივალმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობაში მევენახეობის მიმართ ინტერესი არ ჩამკვდარა, თუმცა წინსვლა მაინც არ შეინიშნებოდა.“

იუზა კელენჯერიძე ამბობს, რომ 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდი ყურადღება მიაქცია. უცხოეთში გამართულ ღვინის კონკურსებსა და დეგუსტაციებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქართულმა ღვინომ. ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქცია თანდათან იკიდებს ფეხს ევროპის ბაზარზე.

„2013 წელს დავაყენეთ საკითხი საკრებულოს წინაშე და ხარაგაულში ვაზის სანერგე მეურნეობის შექმნაზე ზრუნვა დავიწყეთ, – იხსენებს იუზა კელენჯერიძე, -კიცხში მოვძებნეთ ადგილი, 3 ათას მ2 ფართობზე ავკაფეთ ბურდები, შემოვღობეთ, დავფარცხეთ და გავამზადეთ ნერგისთვის. მარტში კახეთიდან შემოვიტანეთ მწარე ლერწი, – სადედე, რომელზეც დავამყენით კულტურული ვაზის კვირტები. 9 300 ძირი ვაზი ზესტაფონელმა გამოცდილმა მყნობელებმა დაამყნეს კიცხის ღვინის ქარხანაში. შეხორცების პროცესი კარგად წავიდა და ოცი დღის შემდეგ გადავიტანეთ გამზადებულ მიწის ფართობზე. თუ ახლა ყინვები დაიწყო, იძულებული ვიქნებით, რომ ვაზის ნერგები დახურულ შენობაში გადავიტანოთ, სადაც დაცული იქნება ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმი.“

იუზა კელენჯერიძის თქმით, მარტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვაზის ნერგები გაიცემა. „უნდა ამოვარჩიოთ ისეთი ოჯახები, რომლებიც სამაგალითო ვაზის მეურნეობას შექმნიან, ვინც გულით და სულით მიუდგება ამ საქმეს. უნდა შეირჩეს ისეთი ზონები, სადაც ვაზი კარგად ხარობს – კიცხი, ბორი, ვარძია, ბაზალეთი, ლაშე, ხიდარისა და ძირულას ხეობის ზოგიერთიტერიტორია,“ – ამბობს იუზა კელენჯერიძე და სოფლების მიხედვით სწავლობს სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც ვაზის ნერგის მიღების შემთხვევაში მის მოვლასა და მეურნეობის განვითარებას შეძლებენ.

კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობის შექმნა საქარის საცდელი სადგურის კიცხის პუნქტის 22 ჰა მიწაზე იგეგმებოდა. „წერილობით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ამ მიწის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას ვთხოვდით. გვიპასუხეს, რომ ეს მიწა, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს. მომავალში, თუ შევძელით და ეს ტერიტორია კიცხის სანერგე მეურნეობას გადმოეცა, ვგეგმავთ გაფართოებას – შევქმნით ხეხილის სანერგე მეურნეობას. ვფიქრობთ, მოსახლეობისთვის დიდი საქმე გაკეთდება,“ – ამბობს იუზა კელენჯერიძე.

მომავალ წელს ვაზის სანერგე მეურნეობა 30 ათასი ლარით დაფინანსდება. ბატონი იუზა ამბობს, რომ ეს თანხა არასაკმარისია, რადგან 15-18 თეთრი ჯდება ერთი სანამყენე. 50 ათასი ლარი მარტო მის შეძენას დასჭირდება. თანხა სჭირდება ტრანსპორტირებას, მყნობის პროცესს. „ამ საქმეში ფულის ჩადება არ არის დასანანი. თუ ვერ შევძელით საქარის საცდელი სადგურის კიცხის პუნქტის 22 ჰა მიწის დაკანონება, სანერგე მეურნეობის უფროს სპეციალისტ ამირან ოქრომჭედლიძეს საკუთარი 1, 5 ჰა მიწის ფართობი მზად აქვს და იქ გავაგრძელებთ მუშაობას. აუცილებელია, რომ მომავალში საკუთარი სადედე გვქონდეს, – ამბობს იუზა კელენჯერიძე, – პირველ სამ წელიწადს ბიუჯეტიდან სუბსიდირება საჭიროა იმიტომ, რომ მომავალში ეს პროცესები ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად გაგრძელდეს.

მადლობა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რომ დაინტერესებული ხართ სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქებით და თქვენი მკითხველი ამ თემებზე მუდმივად ინფორმირებულია.“

კიცხის ვაზის სანერგე მეურნეობის უფროსი სპეციალისტის, ამირანოქრომჭედლიძის თქმით,2015 წლის ადრე გაზაფხულზე 4 500 ძირ ვაზის ნერგს გადაცემენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს 30-35 ათასი ძირი ვაზის ნამყენის გამოყვანას გეგმავენ. ამისთვის მიწის ნაკვეთი გამზადებულია. „ამ ზაფხულს გვალვამ დაგვიზიანა ნერგების ნახევარი. სამომავლოდ ვაკეთებთ წყალსაცავს და ნერგებს მოვრწყავთ,“ – ამბობს ამირან ოქრომჭედლიძე.

ნინო კაპანაძე