2021 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრამდე ხანძრის 13 შემთხვევა დაფიქსირდასახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მათ შორის – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ტყის ფონდში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარია. ამ დროისთვის, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის რამდენიმე ღია კერა რჩება. ზუსტი მონაცემები ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებსა და სავარგულებში ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი. ეს ხელს უწყობს როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას.

მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, ტყის მასივებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნიადაგის თვისებების გაუარესება, ნაყოფიერების დონის შემცირება და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში აქრობენ ხანძრებს; ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე სპეციალისტებს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულობისთვის.