ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ ზვარეს მოსახლეობა, წლებია, სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. ამ თემის პრობლემები ახლახან გაგაცანით.

პანდემიის პირობებში ზვარეს თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას ტრანსპორტირებაზეც სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ამის შესახებ საკუთარ გულისტკივილს ზვარელი რუსუდან ჩაჩანიძე სოციალური ქსელით გვამცნობს:

„კრიზისების მართვის“ იშვიათი ნიჭის მენეჯერები რომ გვყავს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მაგათი „დამსახურებაა“ ნამდვილად, რომ აფრიკის განუვითარებელი ქვეყნების შემდეგ მხოლოდ ჩვენთან თუ არის დასახლებული პუნქტები, სადაც არ არის მუდმივად მოქმედი სამედიცინო დაწესებულება, ანალიზების აღება ადგილზე, აფთიაქი, მისასვლელად ვარგისი სამანქანო გზა (ახლა აღარაფერს ვამბობთ, რამდენ კბმ ტყის მწვანე საფარს ვანადგურებთ და წვავთ თითოეული ოჯახი იმის გამო, რომ ბუნებრივი აირი აქამდე „ვერ მოვიდა“).

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვისაც არ ჰყავს საკუთარი მანქანა და კოვიდის სიმპტომები აქვს, – გამოიძახოს ტაქსი, თუ იმგზავროს მატარებლით (რომელზეც ხან უშვებენ მგზავრებს და ხან არა) და სხვათა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას!?

ზოგს არც აქვს 60-80 ლარი, ტაქსში რომ გადაიხადოს. პირადად მე თავმოყვარეობა მელახება, საარჩევნო უბნამდე რომ მივდივარ და ჩემი ხელფასის 27 პროცენტს ხელისუფლებას ვუხდი.

სანამ ხელფასით გაბედნიერებული მოქალაქეები მარტო საკუთარ თავზე იფიქრებთ, კმაყოფილებით გაღიმებულნი, მანამდე გაიტანს ხელისუფლება თავს თქვენი მოსყიდვით და გამოყენებით.

მაპატიეთ პირდაპირობა. თუ ყველას სწორი პოზიცია გვექნება, მაშინ მთავრობაც საქმეებს სწორად დაალაგებს. ადამიანის უფლებებზე ნუთუ არაფერი არ სმენიათ?