ქრისტეშობის დღესასწაულზე ხარაგაულში მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარი ეკურთხა.
ტაძარი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა და საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.
მეუფემ ხარაგაულში საკათედრო ტაძრის კურთხევას ისტორიული მოვლენა უწოდა.
„მოგეხსენებათ, რომ ხარაგაულში ტაძარი არ გვქონდა და წლების განმავლობაში წირვა-ლოცვა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში ტარდებოდა, – მიმართა მეუფე მელქისედეკმა მრევლს ქადაგებისას, – მადლობა ღმერთს, რომ დღეს უკვე ორსართულიანი მოქმედი საკათედრო ტაძარი გვაქვს.
თქვენ ხართ მომსწრე ისეთი ფაქტისა, რომელიც იშვიათად ხდება. მიხარია, რომ ამ ამბის თანამონაწილენი ხართ. ეს ტაძარი თითოეული თქვენგანის შემოქმედებაა. ფაქტობრივად, ხარაგაულმა თავისი ავტოპორტრეტი შექმნა. ეს ტაძარი საუკუნეების განმავლობაში იქნება და თქვენ მოგიხსენიებენ ყოველ მსახურებაში, რომელიც აქ შესრულდება.
ამ ტაძრის მშენებლობისათვის ღვაწლი თითოეულმა თქვენგანმა გაიღეთ. მშენებლობას უამრავი სირთულე ახლდა. კეთილ საქმეს ბოროტისაგან ყოველთვის წინააღმდეგობა მოსდევს. ღვთისაგან ყოველივე დაიძლევა და დღევანდელი დღე ამის დასტურია. ყველა მონაწილეობდით ამ მადლიანი ტაძრის მშნებელობაში – ფინანსურად, სულიერად, ფიზიკურად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ცეზარ ბუბულაშვილის ღვაწლი, რომელიც ტაძრის მშენებლობის ფონდს ხელმძღვანელობდა. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ის ხარობს ზეცაში და სანამ იქნება ეს ტაძარი, და იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ბატონი ცეზარის სულს ყოველთვის მოიხსენიებენ. მადლობა მას ამ უდიდესი საქმისათვის.
თქვენთან ერთად მინდა მივმართო ბატონი ცეზარ ბუბულაშვილის ოჯახს, – თუ ისინი თანახმა იქნებიან, როდესაც საკათედრო ტაძრის ეზოს კეთილმოწყობა დასრულდება, მისი ნეშტი ამ ეზოში გადმოვასვენოთ.
დღევანდელ დღეს რომ ტაძარი გვეკურთხებინა, ბოლო ერთი წელია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ირაკლი ებანოიძე და ბერიკა დუშუაშვილი.
უღმესი მადლობა ხარაგაულის წინანდელ და ახლანდელ ადგილობრივ ხელისუფლებას. ისინი ამ ტაძრის მშენებლობას ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდნენ. მადლობა ყველას, რომ ხარაგაულს ასეთი მადლიანი ტაძარი აჩუქეს.
მადლობა ყველა სასულიერო პირს, მოძღვარს, რომლებიც წლების განმავლობაში ხარაგაულში მოღვაწეობდნენ და თან ტაძრის მშენებლობას ხელს უწყობდნენ.
ეს საკათედრო ტაძარი იქნება სასულიერო ცენტრი ჩვენი ეპარქიის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.
ღმერთმა მოგვცეს ძალა იმისა, რომ შევძლოთ ლოცვა, ვადიდოთ უფალი, ვესაუბროთ მას, მივიღოთ მისგან უდიდესი მადლი და წყალობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ასეთი გულიანი თანადგომისათვის. ეს ტაძარი ხარაგაულის ისტორიის ახალი ფურცელია“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი