ღვაწლმოსილი პედაგოგი კლარა გოგოლაძე 90 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა.

კლარა მასწავლებელი ექვსი ათეული წლის განმავლობაში ახალგაზრდებს ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულს უნერგავდა.

მერვე კლასში იყო, როდესაც მისი ოჯახი, მთავრობის დადგენილებით, ხარაგაულის რაიონიდან, – მშობლიური ბჟინევიდან თანასოფლელებთან ერთად, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში გაასახლეს.

პუშკინის სახელობის პედინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პედაგოგიური საქმიანობა ახალციხეში დაიწყო. 1975 წელს კი საკუთარი ბედი ხარაგაულელ საშა ბერაძეს დაუკავშირა და საცხოვრებლად ხარაგაულში გადმოვიდა.

კლარა გოგოლაძე ხარაგაულის #2 სკოლაში, შემდეგ კი მარელისისა და ფარცხნალის სკოლებში, ხან დაწყებით კლასებში ასწავლიდა, ხან – უფროს კლასებში. გარკვეული პერიოდით, ხარაგაულის #2 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედაც მუშაობდა. თუმცა, როგორც თავად ამბობდა, გაკვეთილის ჩატარება ყველაფერს ერჩია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩავწერეთ:

„მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში სიყვარული უმთავრესია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდეს. თუ მოწოდებით მასწავლებელი ხარ, ბავშვი გენდობა, შენს სიყვარულს გრძნობს და სიყვარულით გპასუხობს.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გული სიკეთითაა სავსე. ბავშვების თვალებში ყოველთვის გულწრფელ სიყვარულს ვხედავდი“, – ამბობდა კლარა მასწავლებელი.

სიცოცხლის ბოლო წლები ახალციხეში გაატარა. ის იყო მასწავლებელი „უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“; არაერთ თაობაზე ამაგდარი, ღვაწლმოსილი; კოლეგებისთვის დაუვიწყარი, მოსწავლეებისთვის მუდამ საყვარელი.

მარადიულ სამყოფელში გადასახლდა. თუმცა მისი ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება აღზრდილებისა და კოლეგების გულებში. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სპეტაკ და ალალმართალ სულს.