კლარა გოგოლაძემ სკოლის კედლებში მოსწავლეებზე ზრუნვაში ექვსი ათეული წელი გაატარა. შეგირდებს ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულს უნერგავდა.
სასწავლო ნაწილის გამგედაც მუშაობდა, მაგრამ ყველაფერს გაკვეთილის ჩატარება ერჩია. პროფესიულ ბედნიერებას უფროსკლასელებთან შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“ საუბარი ანიჭებდა.
ღვაწლმოსილი პედაგოგი კლარა გოგოლაძე დღესაც დიდი სიამოვნებით კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“, ისევ ისეთი შთაგონებით იწერს მნიშვნელოვან ეპიზოდებს, როგორც წლების წინ, გაკვეთილის ჩატარებამდე. ამბობს, – მსურს, პოემის სიღრმეებს ჩავწვდეო.
კლარა მასწავლებელი იუბილარია – დღეს, 8 მარტს 87 წელი შეუსრულდა.
დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. მერვე კლასში იყო, როდესაც მისი ოჯახი, მთავრობის დადგენილებით, ხარაგაულის რაიონიდან, – მშობლიური ბჟინევიდან თანასოფლელებთან ერთად გაასახლეს.
კლარა გოგოლაძის ოჯახის ცხოვრება ახალციხის რაიონის სოფელ წნისში გაგრძელდა.
ახალციხეში პედაგოგიურ ტექნიკუმში ჩაირიცხა, შემდეგ თბილისში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.
პედაგოგიური საქმიანობა ახალციხეში დაწყო. 1975 წელს ხარაგაულში გადმოვიდა საცხოვრებლად, – მომავალი ცხოვრება ხარაგაულელ საშა ბერაძეს დაუკავშირა.
„ხარაგაულის #2 საშუალო სკოლასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს, – გვიამბობს კლარა გოგოლაძე, – სკოლის დირექტორი გივი გოგოლაძე ყველას მიმართ თანადგომას გამოხატავდა. #2 სკოლაში ხან დაწყებით კლასებში ვასწავლიდი, ხან – უფროს კლასებში. მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი, როცა მერვე კლასში ძველ ქართულსა და „ვეფხისტყაოსანს“ გავდიოდით.
ხარაგაულის #2 სკოლიდან წამოსვლა ძალიან განვიცადე, მაგრამ მალევე, სრულიად შემთხვევით, მარელისის სკოლაში აღმოვჩნდი. ექვსი წელი ვასწავლიდი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. მთელი სულითა და გულით ვმუშაობდი. ძალიან საყვარელი მოსწავლეები მყავდა. ერთ დღესაც, რუსთაველზე ვუამბე. დაინტერესდნენ და რამდენიმე დღე „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსს ვაცნობდი. ხვიჩა ჭყოიძემ ავთანდილის ანდერძი ზეპირად ისწავლა.
მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში სიყვარული უმთავრესია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდეს. თუ მოწოდებით მასწავლებელი ხარ, ბავშვი გენდობა, გრძნობს შენ სიყვარულს და სიყვარულით გპასუხობს. ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ჩემში სიძულვილი არ არის და გული სიკეთით მაქვს სავსე. ბავშვების თვალებში ყოველთვის გულწრფელ სიყვარულს ვხედავდი.
ახლა უფრო მეტად ვაკვირდები, – რა მშვენიერია ყველაფერი მზის ამოსვლიდან დაწყებული მზის ჩასვლამდე. განსაკუთრებულად ეს მრავალფეროვნება, რომელსაც რუსთაველი ხშირად ახსენებს,- ეს „უთვალავი ფერები“ სიხარულს მგვრის.
მიყვარს ეს ოჯახი, სადაც ორმოცი წელი გავატარე. ძალიან მზრუნველი მეუღლე მყავდა. დათო ჰგავს ბაბუას – მასავით შრომისმოყვარეა და საქმის გადადება არ უყვარს. საშა ბერაძის მეუღლე რომ გავხდი, ნანა ერთი წლის იყო, ერთი წლის შემდეგ დათოც დაიბადა. ვფიქრობ, ნანასა და დათოს აღზრდაში მცირედი წვლილი მეც შევიტანე.
„კლარას ვერ ვამბობდი და „კალიკო“ დავუძახე, – იხსენებს ნანა ბერაძე, – დღემდე ასე ეძახიან მას ნათესავები და ჩემი მეგობრები. მე და ჩემი ძმა „კალიკოს“ ხელში გავიზარდეთ. ბევრი მძიმე დღე გადავიტანეთ ერთად. ბაბუას წამყვანი როლი ჰქონდა ამ ოჯახში და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. მამაჩემიც ახალგაზრდა გარდაიცვალა.
თუ რაიმე არის ჩემში კარგი, ეს „კალიკოს“ დამსახურებაა. წიგნებით გვზრდიდა. კეთილშობილება გვასწავლა. ტრაგედიების წინაშე რომ მარტო დავრჩი და არ გავბოროტდი, ჩვენი ოჯახი რომ გადარჩა, ეს „კალიკოს“ დამსახურებაა. მან მოგვცა ცხოვრების გაგრძელების იმედი. მინდა ჩვენს გვერდით ძალიან დიდხანს იყოს.“
ჩვენც ვუერთდებით ნანას სურვილებს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ღვაწლმოსილ პედაგოგს.
ნინო კაპანაძე
ვიდეოს ავტორი თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების