განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ბაღების ავტორიზაციის პერიოდის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას, ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა.

ეკატერინე დგებუაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ „ავტორიზაცია ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის, სწავლა-აღზრდის, კვებისა და ჰიგიენის, ადამიანური რესურსების მიმართულებით სტანდარტების დაცვას. იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში შეუძლებელია ამ პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირვება, დადგა ავტორიზაციის ერთი წლით გადავადების საჭიროება“.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის გადავადების მოთხოვნის გამო, ეკატერინე დგებუაძეს შენიშვნა მისცა.

წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტროს მოუწევს იმის დასაბუთება, თუ რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი 4 წელი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის დასასრულებლად და ასევე – რას გააკეთებს განათლების სამინისტრო დამატებით მოთხოვნილ ერთ წელში.

„მთავრობისგან შორს მყოფი ადამიანი არ ვარ და ვიცი, როგორია გადავადების პრაქტიკა. ამიტომ, როცა გადავადებას ითხოვთ, დაგვისაბუთეთ რა გაკეთდა და დრო რაში არ გეყოთ“, – იკითხა თეა წულუკიანმა.

მან გადავადების მაგალითად სამტრედიის სკოლა-პანსიონი მოიყვანა, სადაც რეფორმა ამ დრომდე არ დაუწყია განათლების სამინისტროს. „სამტრედიაში საბჭოთა დროის გადმონაშთია და იქ ბავშვთა უფლებების დასაცავად კარგი არაფერი ხდება. პირველ სექტემბერს იყო ვადა, მაგრამ ეს რეფორმა დაწყებულიც კი არ არის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„კომიტეტის სახელით ოფიციალურად მოგმართავთ – იქნებ თვეში ერთხელ ჩვენს კომიტეტში მობრძანდეთ და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოითხოვოთ გადავადება. თვეში ერთხელ, ანუ 12-ჯერ მობრძანდით და აგვიხსენით, რა გააკეთეთ. ალბათ, ყველა საბავშვო ბაღი პირობებს ვერ დააკმაყოფილებს და ვინც ვერ დააკმაყოფილებს, იმათთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ. მასიურად ბაღებს ხომ ვერ დავკეტავთ.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილეს შეკითხვები ბაღების ინფრასტრუქტურასთან და ბიუჯეტებთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

„ამ დრომდე თუ არც ეს გაგიკეთებიათ, მაშინ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის დასასრულებლად არც ეს ერთი წელი არ გეყოფათ“, – მიმართა დგებუაძეს წულუკიანმა.