პანდემიამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზეც იქონია გავლენა. დაწესებული რეგულაციების გამო ვიზიტორთა მიღება შემცირებულია.

ეს პერიოდი შედეგიანად გამოიყენა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ. მოეწყო ახალი ტურისტული ბილიკები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. თითქმის დასრულების ეტაპზეა ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ინტერაქტიული და საინფორმაციო მასალებით დატვირთული ცენტრი იქნება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის ლევან საბანიძის თქმით, მიუხედავად პანდემიური პერიოდისა, გარკვეულ პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არაერთი საინტერესო და ლამაზი ბილიკი გაიხსნა. მოუთმენლად ველოდებით, ვიზიტორების მიღება როდის გახდება შესაძლებელი. ახალი თავშესაფრები და საგუშაგოები გაკეთდა. ნეძვის აღკვეთილის ახლოს სრულიად ახალი ტურისტული ბილიკი დაემატა. აქვე მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფარი. ახალი ბილიკი იქნება შუვანოს მხრისკენ. ის განსაკუთრებული სილამაზის ხედებითაა გამორჩეული. ნათქვამს ნანახი სჯობს და ეს დროც მალე დადგება“.

„პანდემიის პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. განვავითარეთ ინფრსატრუქტურა, კონკრეტულად კი მარშრუტების გასწვრივ ღამის თევისა და საკარვე ადგილები მოეწყო. დავამატეთ ახალი საინტერესო და თავგადასავლებით სავსე 7 ტურისტული ბილიკი, – ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ნათია მულაძე, – თითქმის დასრულების ეტაპზეა ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი. ამ ცენტრის განახლება სხვადასხვა მიზნობრივი ტურისტული ჯგუფების დაინტერესებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან კარგია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე, ზოგადად, რეგიონისთვის“.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაზაფხულზე ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი ტურისტული ბილიკებით დახვდება.

ლიკა ხიჯაკაძე