
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნულ პარკთან ერთად, Welcome To Georigia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.
წელს ამ პროექტს ახალი ნომინაცია, – საინტერესო და მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია, – დაემატა. მიზანი საქართველოს ულამაზესი ბუნების პოპულარიზაციაა.
ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს მოპოვებული გამარჯვება Welcome To Georigia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ მიულოცეს.
წელს პირველად კონკურსს ორი გამარჯვებული ჰყავს. ეს ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებასა და ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნათია მულაძე ამბობს, რომ კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. ფინალში გადავიდნენ ისეთი დაცული ტერიტორიები, როგორებიცაა: კოლხეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ნაბიჯი გახლდათ ხმის მიცემა. თითოეულ ადამიანს შეეძლო თავის ფავორიტი დაცული ტერიტორიისთვის მხარდაჭერა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ჟიურიმ მიიღო.
ნათია მულაძე აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაზე დადებითად აისახება და გაიზრდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა.
„საკმაოდ რთული კონკურსი იყო. ყველა დაცული ტერიტორია ნამდვილად საინტერესო, მრავალფეროვანი, უნიკალური და გამორჩეულია. თითოეულ მათგანს გამარჯვების ძალზედ დიდი შანსი ჰქონდა, – ამბობს ნათია მულაძე, – ამ კონკურსში რამდენიმე ნომინაცია იყო. ჩვენ გავიმარჯვეთ „საინტერესო და მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიის კატეგორიაში“. აქ ყურადღება გამახვილებული იყო ტურისტულ შეთავაზებებსა და ბიომრავალფეროვნებაზე. ამდენ მრავალფეროვან დაცულ ტერიტორიას შორის გამარჯვება არის აღიარება და იმის დასტური, რომ დაცული ტერიტორიის განვითარება ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდის“.
ნათია მულაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს დაუჭირა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან საბანიძე აღნიშნავს, რომ პანდემიურ პერიოდში ამ კონკურსში გამარჯვება სამომავლო პერსპექტივებს საგრძნობლად ზრდის.
„ეს გამარჯვება მოტივაციას გვმატებს იმ პერიოდისთვის, როდესაც დაცულ ტერიტორიებში ვიზიტორების სტუმრობა თავისუფალი გახდება. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტის სურვილი. ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი დაცული ტერიტორიაა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ყველა მათგანი ინდივიდუალური სილამაზითა და ხიბლით გამოირჩევა. მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნული პარკების გამორჩევა უდიდესი გამარჯვებაა“.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი საერთაშორისო სტანდარტის პირველი ეროვნული პარკია. იგი ლაშქრობის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ არსებული სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, კულტურული და საგანმანათლებლო ტურები დაუვიწყარ და ჯადოსნურ მოგზაურობას სთავაზობს ვიზიტორებს!
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება