27-28 დეკემბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში ხარაგაულელმა ევსემ შველიძემ 79 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი დაიკავა; ზაურ ბერაძემ 86 კგ წონით კატეგორიაში – III ადგილი; ხოლო თედო ებანოიძემ 125 კგ წონით კატეგორიაში – IV ადგილი.

„ზაურ ბერაძე საქართველოს ნაკრების წევრია. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატებზე ხარაგაულის სახელით გამოდის და ამით ძალიან ვამაყობთ, – ამბობს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი, – ვცდილობდით, ჩვენს მოჭიდავეებს ყველანაირად დავხმარებოდით – მკაცრი რეგულაციების დაცვით ან დარბაზში ვარჯიშობდნენ ან ინვენტარს სახლებში ვატანდით“.

ზაურ ბერაძე ჩემპიონატში მიღწეული შედეგით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კორონავისუსი პანდემიის გამო ნორმალურად მომზადება ვერ შეძლო.

„კორონავირუსი უსიმპტომოდ გადავიტანე, ამან ჩემს მომზადებაზე გავლენა მოახდინა. ძირითადად, სახლში ვვარჯიშობდი. ჩემპიონატის დაწყებამდე 10-დღიანი მომზადება ბორჯომში გავიარე. კარგად ვერ მოვემზადე და ამიტომ შედეგით კმაყოფილი არ ვარ, უკეთესი შედეგის მიღწევა შემეძლო. პანდემიის გამო ევროპის ჩემპიონატი გადაიდო, ახლა ისევ სახლში ვაპირებ ვარჯიშის გაგრძელებას“, – ამბობს ზაურ ბერაძე.

რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ჩემპიონატისთვის ემზადება მოჭიდავე ევსემ შველიძე, თუმცა პანდემია ვარჯიშში მასაც ხელს უშლის.

„ხან ხარაგაულში ვვარჯიშობდი, ხან თბილისში, – როგორც მომიხერხდებოდა. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. ამ პანდემიის გამო ვერ მოვემზადე, თუმცა უკეთესიც შემეძლო. რამდენიმე თვეში ისევ საქართელოს ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დავიწყე,“ – ამბობს ევსემ შველიძე.