„რიკოთის გვირაბს რომ გამოვცდები, გული სხვანაირად მიცემს. ძალიან მიყვარს ხარაგაული და ხარაგაულელები“, – ამბობს ცნობილი ქართველი ექიმი დავით აბულაძე.

მედიცინით ბავშვობიდან დაინტერესდა, – ბაბუა, დავით აბულაძე, დამსახურებული ექიმი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას აღმოაჩინა, რომ ქირურგია განსაკუთრებით იზიდავდა. 1991 წელს, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, ინტერნატურა და ორდინატურა გაიარა. გაცვლითი პროგრამით მილანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

1997 წელს გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ლაპარასკოპიული ქირურგია შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაერთო ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარებაში. ამჟამად ბარიატრიულ ქირურგიაშია დაკავებული. ძალიან ბევრი ადამიანი ჭარბი წონისგან სწორედ მისი დახმარებით გათავისუფლდა. ამბობს, რომ 25-წლიანი სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ოპერაცია გააკეთა; ბარიატრიული ოპერაციების რაოდენობა კი 2 000-ს აღემატება.

„ბაბუაჩემი, დავით აბულაძე, ექიმი გახლდათ და ამიტომ სახლში სამედიცინო ინსტრუმენტები სულ გვქონდა. მედიცინა ბავშვობიდან მიზიდავდა. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქირურგიით დავინტერესდი და ჩემი შემდგომი მუშაობაც სწორედ მედიცინის ამ დარგს დავუკავშირე. აშშ-სა და იტალიაში შევისწავლე ლაპარასკოპიული ქირურგია, რაც იმ პერიოდში საქართველოში ნაკლებ პოპულარული იყო. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ცხაკაიასთან ერთად ეს მეთოდი აკადემიურ დონეზე ავიყვანეთ. ასე ჩამოვყალიბდი ზოგად ქირურგად. ამჟამად კლინიკა „ინოვაში“ ქირურგიულ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. მაქვს ჩემი საკუთარი ქართულ-იტალიური ამბულატორიული კლინიკა“.

ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ძალიან მიხარია, როდესაც ჩემთან წონაში დაკლებული, გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტი მოდის. მადლიერი პაციენტი ექიმისათვის ისეთივე აღიარებაა, როგორც ხელოვანისთვის აპლოდისმენტები. ბარიატრიული ხასიათის ოპერაციით 2000-ზე მეტ ჭარბწონიან პაციენტს დავეხმარე. ამ პაციენტების 70% ზემო იმერეთიდანაა“.

დავით აბულაძე წარმოშობით სოფელ კიცხიდანაა. მშობლიურ სოფელში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ბოლოს ორი წლის წინ, ზაფხულში ეწვია კიცხს. ნათესავები და მეგობრები მოინახულა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ხარაგაულელების განსაკუთრებულ სტუმარ-მასპინძლობაში.

სიამოვნებით იხსენებს წინაპრებს, განსაკუთრებით – ბაბუას, ცნობილ ექიმ დავით აბულაძეს. ბაბუას ქუთაისის გიმნაზია დაუმთავრებია. იუნკერებთან ერთად იბრძოდა, – საბედნიეროდ, გადარჩა. სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ყოფილა. უფროსს დავით აბულაძეს ოთხი და-ძმა ჰყოლია.

მათგან ერთ-ერთი, ცნობილი ქართველი მწერალი და პროფესორი სავლე აბულაძე გახლდათ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჭიათურის თეატრის დაარსებაში; გახლდათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი; მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან.

„წინაპრებით მთელი ჩვენი სანათესაო ძალიან ვამაყობთ. კიცხში მხოლოდ ნასახლარია დარჩენილი. ბაბუაჩემი რომ კიცხიდან წამოვიდა, იქ მხოლოდ მისი ძმისშვილები დარჩნენ. ამჟამად კიცხში სახლი ჩემს ბიძაშვილს აქვს. კიცხში მყავს მეგობრები, მათ შორის კოტე მასხარაშვილი. ბაბუაჩემის დედა ისლარელი ჭიპაშვილი  გახლდათ“.

დავით აბულაძე საკუთარ ფესვებთან კავშირის აღდგენაზე ფიქრობს და არ გამორიცხავს, რომ ხარაგაულში საკუთარი პატარა კუთხე-კუნჭული მოიწყოს. მით უფრო, რომ ძალიან უყვარს ხარაგაულელები.

„თუ ვინმე ხარაგაულელს ვხვდები, ვეუბნები რომ მეც ხარაგაულელი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო მათ, რითაც შემიძლია. „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებს, ყველა ხარაგაულელს, ყველა ქართველს მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. დალოცვილები ყოფილიყვნენ ოჯახებთან ერთად. მრავალ ახალ წელს!“

ლიკა ხიჯაკაძე