ხარაგაულის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული რომ მოიპოვა, მხოლოდ მადლობით შემოიფარგლა. ეს იმ მომენტში მის ემოციურ მდგომარეობას მივაწერე. თუმცა ინტერვიუს დროსაც სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. ჩვენს კითხვებს მოკლედ და ლაკონურად პასუხობდა. ხარაგაულის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლე“ – გიორგი ლელაძე უნდა გაგაცნოთ.

გიორგი ხიდრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ „ეტალონის“ რაიონულ ტურში გამარჯვება მისთვის ძალიან სასიამოვნო, ამაღელვებელი და მოულოდნელი იყო. მომავალ პროფესიად ექიმობა აირჩია. ამ პროფესიისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაენერგა. ამიტომ მისი საყვარელი საგნები ქიმია და ბიოლოგიაა.

„თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვერთობი, – ამბობს გიორგი ლელაძე, – მათთან ერთად მაგიდის ჩოგბურთისა და ფეხბურთის თამაში მიყვარს. წიგნებს საღამოობით ვკითხულობ. საშინელებათა ჟანრი და დეტექტივები მომწონს. საყვარელი მწერალი აგათა კრისტია, საყვარელი წიგნი – „და აღარავინ დარჩა“.

გიორგი ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული ონლაინ სწავლება მისთვის მოუხერხებელია.

„დისტანციურ გაკვეთილზე, დროის სიმცირის გამო, მასწავლებელი გაკვეთილს სრულყოფილად ვერ ხსნის და ვერც სიღრმისეულად ვგებულობთ. ამიტომ მირჩევნია, სკოლაში ვისწავლო, – ამბობს გიორგი ლელაძე, – ჩემს წარმატებას, ძირითადად, პედაგოგების დამსახურებად მივიჩნევ. მნიშვნელოვანია იღბალი, გვერდში მდგომების მხარდაჭერა, პედაგოგების შრომა და ჩემი შრომისმოყვარეობაც“.

– ხარაგაულის მერი რომ იყო, რას გააკეთებდი ხარაგაულსა და ხიდარში, – ჩვენს ამ შეკითხვას გიორგი არ ელოდა. თუმცა თქვა, რომ ხიდარში სპორტდარბაზს ააშენებდა. მისთვის მნიშვნელოვანია, ყველგან ბედნიერი ხალხი ცხოვრობდეს და სწორედ ამის მიღწევას შეეცდებოდა, მაღალი თანამდებობის პირი რომ იყოს.

„ჩემს თანატოლებს ახალ 2021 წელს წარმატებებს ვუსურვებ. დაბრკოლებებსა და ბარიერებს ახალი შემართებით შეხვედროდნენ. ყველა მათგანს ბედნიერი შობა-ახალ წელი ჰქონოდეთ,“ – ამბობს გიორგი ლელაძე.

ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორ ეთერი პაპავასთვის გიორგის „ეტალონ მოსწავლედ“ დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გიორგი სკოლაში მონდომებული და მიზანსწრაფული მოსწავლეა.

„გიორგის გამარჯვება „ეტალონის“ რაიონულ ტურში ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და სიხარული ვერ დავფარე, – ამბობს ეთერი პაპავა, – გიორგის აღზრდაში დიდი წვლილი მიმიძღვის. ის ჩემი ოჯახის წევრია. გიორგი პირველი კლასიდან მონდომებით გამოირჩევა, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და დაინტერესებულია, ყველა საგანი ერთნაირად ისწავლოს. სამართლიანი ადამიანია და არ უნდა, რაიმე ნიშნით გამოვარჩიო და „დათვური“ სამსახური გავუწიო. ყველა სურვილის ასრულებას ვუსურვებ. თავის თანატოლებთან ერთად სამომავლო გზებს დავულოცავ“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე – „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გიორგი ლელაძე სკოლის დირექტორ ეთერი პაპავასთან ერთად