„ახლა ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ზვარეს გადასარჩენად, თორემ მერე, შესაძლოა, გვიან იყოს“, – ამბობს ზვარელი 22 წლის ახალგაზრდა მერაბ (ბუკა) თიკანაშვილი.

მერაბი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ახლა სოფელშია და დისტანციურად სწავლობს. სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად აქტიურობს, თუმცა ამბობს, რომ ერთიანობის გარეშე არაფერი შეიცვლება.

მერაბი თვლის, რომ ზვარეს თემში შემავალი სოფლები, რკინიგზის მშენებლობის გამო, ინგრევა და უნიკალური მინერალური წყალი იკარგება. მისი შეფასებით, ჯერჯერობით, რეალური ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგვარებლად არც ერთმა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებამ არ გადადგა.

„წარმოიდგინეთ, მაღალმთიან სოფელში შეშის მოპოვების პრობლემაა, იმდენად შორს მობეჭდეს, – ამბობს მერაბი, – ჩრდილში, კოშკის უბანში ვცხოვრობ. შეშა ნუნისიდან უნდა მოვიტანოთ. ძალიან რთულია იქედან საშეშე მერქნის წამოღება.

ზვარეს თემის სამი სოფლიდან რამდენიმე ადამიანი სკოლასა და საბავშვო ბაღში მუშაობს. სხვა სამსახური აქ არ არსებობს. ოჯახების უმრავლესობა გაჭირვებულია. ახალგაზრდებს, თუ შეძლეს და სოფლიდან წავიდნენ, აქეთ დაბრუნება აღარ სურთ. აქ განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. სოფელში ვინც დარჩა, ოჯახებს ვერ ქმნიან, რადგან შემოსავალი არ აქვთ.

მიზეზი, რის გამოც სოფლები იცლება, ისიცაა, რომ ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. ძალიან დიდი სხვაობაა დაბა ხარაგაულსა და ზვარეს შორის. ჩვენ აქ არაფერი გვაქვს – არც გზა, არც ბუნებრივი აირი, არც ინტერნეტი. ინტერნეტის გარეშე განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

ზვარეში, ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა საუკუნის პროექტი იქნება. ახალგაზრდები ნამდვილად დაბრუნდებიან სოფელში. ბოლოს აქ „კარვების ბანაკს“ აწყობდნენ და ესეც, ბოლო 2-3 წელია, დავიწყებას მიეცა. თუ სხვა ქალაქებში იზრუნეს ბანაკების მოწყობაზე, ხომ შეიძლება იგივე გაკეთდეს ზვარეში.

მინერალური წყლის ჩამოსხმის აღდგენა აუცილებელია. უპატიებელი შეცდომა იქნება, თუ ზვარეს მინერალური წყლისგან მხოლოდ სახელი დაგვრჩება.

ქარხანა თუ აღდგება, ზვარე, ჩრდილი და ნუნისი გაცოცხლდება. ეს შანსი ქვეყანამ როგორ უნდა დაკარგოს?!

კურორტი ნუნისი სეზონურად მუშაობს. იქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულია. საუბრობენ, რომ კურორტი დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს. ეს ძალიან კარგი იქნება.

პრობლემების მოსაგვარებლად ყველამ უნდა ვიაქტიუროთ. იმედია, შევცლით“.

ნინო კაპანაძე