NDI–ის (ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი) მიერ მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნების დროს უმთავრეს პრობლემად ასახელებს სიებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემას. კვლევის ერთ–ერთი შეკითხვა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიასაც ეხებოდა. გამოკითხულთა 60%–მა არ იცის ამ კომისიის არსებობა, კომისიის საქმიანობის შესახებ მხოლოდ 33 პროცენტია ინფორმირებული, ხოლო 7 პროცენტს პასუხი არ აქვს.
24 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით თერთმეტი ათასზე მეტმა რეგისტრატორმა `კარდაკარის~ ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმება დაიწყო. ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესზე უკვე რამდენიმე თვეა პასუხისმგებელი ოპოზიციაა. ხელისუფლებამ სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისია შექმნა, რომელსაც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროექტის კოორდინატორია იუზა კელენჯერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.~ ბატონი იუზა `კარდაკარის~ მოსამზადებელი სამუშაოებისა და ამ პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:
-2011 წლის 15 ნოემბერს მთავრობამ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია შექმნა. კომისიის მთავარი მიზანია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სია იყოს მაქსიმალურად ზუსტი. კომისიაში სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შემდეგნაირად არიან წარმოდგენილნი: 21 რეგისტრატორია `ნაციონალური მოძრაობიდან,~ 21 – `ახალი მემარჯვენეებიდან,~ 21 – `ქრისტიან-დემოკრატებიდან,~ 8 – `მრეწველებიდან,~ 8 – `ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან,~ 1 – პარტიიდან `ჩვენ თვითონ.~
4-5-6 აპრილს ხარაგაულში, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, რეგისტრატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ზესტაფონის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი ელისო ბოგვერაძე უძღვებოდა. 77 რეგისტრატორი ხარაგაულში დატრენინგდა, სამი მათგანი – ზესტაფონში. ხარაგაულში სულ 80 რეგისტრატორი მუშაობს.
საარჩევნო უბნების მიხედვით სპეციალური ჯგუფები ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად შეიქმნა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულია 500-მდე და მეტი ამომრჩეველი, იმუშავებს ერთი ჯგუფი ორი რეგისტრატორის შემადგენლობით; ხოლო იქ, სადაც ათასზე მეტი ამომრჩეველია, იმუშავებს ორი ჯგუფი ორ-ორი რეგისტრატორის შემადგენლობით.
ხარაგაულის #48 საარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბანია. აქედან მესამე კატეგორიის (1000 ამომრჩეველზე მეტი) არის დ. ხარაგაულის #1, კიცხისა და ვარძიის საარჩევნო უბნები.
23 აპრილს `კარდაკარის~ რეგისტრატორებს გადავეცით: ძირითადი სია; სიის დაზუსტების რეესტრი, სადაც შეიყვანენ სიაში გამორჩენილ ამომრჩევლებს, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს; დაუდგენელი პიროვნებები სიიდან ამოღებას ექვემდებარებიან და სხვ; განცხადების ფორმაში ჩაწერენ გარდაცვლილ ამომრჩეველთა ვინაობას.
ეს ძალიან სერიოზული კამპანიაა და დიდი პასუხისმგებლობით განსახორციელებელი. ჩვენ პერიოდულად შევხვდებით რეგისტრატორებს, რომ რაიმე უზუსტობა არ გაიპაროს.
რაც ყველაზე მთავარია, გამორიცხულია ყოველგვარი პარტიული მიკერძოება. რეგისტრატორებს ცალსახად მიუთითეს, რომ ეკრძალებათ სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. თითოეულ რეგისტრატორს აქვს ვინაობის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც გაუგებრობის შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ რეგისტრატორებმა და ამომრჩევლებმა. რეგისტრატორების შეცვლა მოხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში – ოჯახური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. რეგისტრატორების მონიტორინგი პროექტის დაწყებისთანავე აუცილებელია, რადგან მალევე აღმოვფხვრათ ხარვეზი. თუ მუშაობა სწორად ვერ წარიმართა, მაშინ რეგისტრატორებს ხელახლა მოუწევთ საქმის გაკეთება ანაზღაურების გარეშე. ასე რომ, მაქსიმალურად კონტროლდება ყველაფერი.
ოჯახში მისული რეგისტრატორები ძირითადი სიის მონაცემებს შეადარებენ მოქალაქის პირად ნომერს პირადობის მოწმობის, პასპორტის ან ID ბარათის მიხედვით. რეკომენდირებულია, რომ რეგისტრატორები ოჯახებში საღამოს 6-დან 10 საათამდე მივიდნენ, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლში იქნება. თუ რეგისტრატორი ვერ შეძლებს კონტაქტი დაამყაროს გადასამოწმებელ პიროვნებასთან, რომელიც ნამდვილად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, იმ ოჯახში მცხოვრებს შეუძლია რეგისტრატორს მისცეს სიის მონაცემების პირადობის მოწმობასთან შედარების საშუალება. თუ ძირითად სიაში შეტანილია გარდაცვლილი ან საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე, ან ისეთი პირი, რომელსაც არასდროს უცხოვრია მითითებულ მისამართზე, რეგისტრატორი ავსებს განცხადებას მოქალაქის ამომრჩეველთა სიიდან ამოღების ან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ყველა რეგისტრატორს სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაურიგდა.
რეგისტრატორი პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს, ვადაგასული ხომ არაა მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეს ვერ შეიყვანენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ `კარდაკარის~ მიმდინარეობას დააკვირდება. ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის, ქეთევან პავლაძის, ინფორმაციით, იგი ესწრებოდა რეგისტრატორებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს. `მინდა გითხრათ, რომ ტრენერი იყო საკმაოდ კვალიფიციური. უახლოეს დღეებში დავიწყებთ რეგისტრატორების საქმიანობის მონიტორინგს რამდენიმე სოფელში. რეგისტრატორებს ეკრძალებათ პარტიული აგიტაცია. ჩვენ მითითებისა და შენიშვნის მიცემის უფლება არ გვექნება, მაგრამ შეფასების კითხვარში დეტალურად ავსახავთ რეგისტრატორის მუშაობას,~ – ამბობს ქეთევან პავლაძე.
`ახალი მემარჯვენეების~ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესო ბუაჩიძე დარწმუნებულია, რომ მის მიერ შერჩეული ოცდაერთივე რეგისტრატორი დამოუკიდებელი პიროვნებაა და ამომრჩეველთა სიებზე მუშაობისას თითოეული მათგანი იქნება აპოლიტიკური.
`ქრისტიან-დემოკრატების~ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თაბუკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პარტიიდან წარდგენილი რეგისტრატორები მხოლოდ ინსტრუქციისა და კანონის თანახმად იმოქმედებენ. მისივე თქმით, მან რეგისტრატორებად სერიოზული პიროვნებები შეარჩია და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ყველა მათგანი დიდი პასუხისმგებლობით შეასრულებს თავის მოვალეობას.
პროექტი `კარდაკარი~ 10 ივნისს დასრულდება. ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების თარიღად კი 2012 წლის 1 აგვისტო განისაზღვრა.
ნინო კაპანაძე
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან