28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები მოქმედებს. დაანონსებული იყო, რომ ეს შეზღუდვები საახალწლოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შემსუბუქდებოდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი არ მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე გამოცხადდა.

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;

2. კვლავ შეზღუდულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართულია;

3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

4. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთაღნიშნულ ქალაქებში, კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები.

5. სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

6. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე;

10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

11. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრერი,  ასევე შობის ღამე – 6 იანვარი;

გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან.

მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე. მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

მაღაზიის ფართის ყოველ 20კვმ-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ. ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტებს დაეკისრებათ, რაც მათ დაჯარიმებაში ან საქმიანობის შეჩერებაში გამოიხატება.