
მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ რეფორმის ფარგლებში მიწა 949 068 მოქალაქემ დაირეგისტრირა. მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 710 მიწის ნაკვეთია რეგისტრიებული.
ხარაგაულში მომუშავე მიწის ამზომველებისგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთები ძირულას ხეობისა და კიცხის ზონის მოსახლეობის თითქმის 90%-მა დაირეგისტრირა.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებს საკუთრების დასარეგისტრირებლად მიწის აზომვითი ნახაზი მიაქვთ საჯარო რეესტრში, სადაც ყველა მომსახურება უფასოა.
2022 წლის პირველ იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე, სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, მაგრამ მისი ფლობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გაგაჩნიათ და ასეთი დოკუმენტი ვერც არქივსა და სხვა უწყებებში მოიძებნა, მაშინ მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა მიმართოთ.
– კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა შემცირდა, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, – მომართვიანობა შეამცირა იმანაც, რომ რიკოთის ავტობანისა და ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილმა მოსახლეობამ, სახელმწიფოსგან დადგენილი კომპენსაციის მისაღებად, მიწები და საცხოვრებელი სახლები უკვე დაირეგისტრირა.
კომისიამ მიწის ნაკვეთი რომ დაარეგისტრიროს, მასზე აუცილებლად უნდა იდგეს საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა, ან მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მოსაზღვრედ. ამ დრომდე მოქალაქეს ვერ ვურეგისტრირებდით მიწის იმ ნაკვეთს, სადაც ხის ოდა სახლი იდგა. კანონში შესული ცვლილების თანახმად, ეს მიწის რეგისტრაციისას შემაფერხებელი გარემოება აღარ არის.
დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლამდე უნდა ჰქონდეს დაკავებული. მიწის მფლობელმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ორი მოწმის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა მფლობელობის შესახებ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა. მოქალაქეს ერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას 10 ლარის გადახდა ნოტარიუსთან მოუწევს, ორი მეზობლის თანხმობის დასამოწმებლად.
კომისია გადაწყვეტილებას განცხადების შემოსვლიდან სამი თვის ვადაში იღებს. თუმცა, პანდემიის გამო ეს ვადები გახანგრძლივდა.
ამ დღეებში გეგმა-გრაფიკს შევადგენთ, თუ რომელ სოფელში რა დროს მივალთ საკითხის ადგილზე შესასწავლად. მოქალაქეებთან პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ვიმუშავებთ.
2020 წელს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 144 განაცხადი შემოვიდა. მათგან 57 დაკმაყოფილდა. უარი სახლისა და მიწის რეგისტრაციაზე 24 მოქალაქეს ეთქვა. ამ მომენტისთვის კომისიაში 46 განცხადება გვაქვს განსახილველი.
მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირონ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მიწის რომელი ნაკვეთი ეკუთვნის კონკრეტულ მოქალაქეს, რომელი მის მეზობელს და რომელი – სახელმწიფოს.
ნინო კაპანაძე
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის