კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სტრატეგიული დანიშნულების იმ სამსახურების თანამშრომლებს, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრობლემები შეუქმნა.

მათ შორისაა სოფელ კიცხის მაცხოვრებელი ლია გიორგაძე, რომელიც ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექთანია. მას კიცხიდან ხარაგაულში გადმოსვლა ძალიან უჭირს – არ ჰყავს ავტომანქანა და არ აქვს ყოველდღიურად ტაქსით გადაადგილების საშუალება. დღემდე კეთილი ადამიანების იმედად იყო, მაგრამ ამბობს, რომ უკვე ერიდება მათი შეწუხება. მის მსგავსად ამ პრობლემის წინაშე სხვა ადამიანებიც აღმოჩნდნენ.

„რამდენიმე ადამიანი დილით და საღამოს ტრანსპორტის გამოყოფას ვითხოვთ, – ამბობს ლია გიორგაძე, – არ მაქვს იმის საშუალება, რომ ყოველდღე ტაქსში 20 ლარი გადავიხადო. სამსახურში დილის ცხრა საათზე უნდა ვიყო. განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, 5 წუთითაც რომ დააგვიანოს საწრაფო-სამედიცინო დახმარებამ, დაუშვებელია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემი სამსახურში დროულად გამოცხადება. არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვები და როდემდე უნდა ვიდგე ტრანსპორტის მოლოდინით ქუჩაში.“

მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულიდან საქარიქედამდე დადის. ამ მიმართულების მძღოლი ამბობს, რომ თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება, კიცხში დილას და საღამოს გადასვლას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნებენ. მისი თქმით, გამოძებნიან სამართლებრივ გზას, რომ პანდემიის დროს მუნიციპალური ტრანსპორტი კიცხის მოსახლეობასაც მოემსახუროს.

ლიკა ხიჯაკაძე