
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები 27 ნოემბრიდან დისტანციურად სწავლობენ.
„კიცხის საჯაროს სკოლის 86 მოსწავლიდან გაკვეთილებს დისტანციურად მოსწავლეთა ნახევარზე მეტი ესწრება, – ამბობს ამავე სკოლის დირექტორი, თამარ წიწილაშვილი, – განსაკუთრებული აქტიურობით კი დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოირჩევიან.
ინტერნეტთან წვდომა თითქმის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს აქვს. გვყავს სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადაც რამდენიმე მოსწავლეა და ტელეფონი კი ერთი აქვთ. ამ შემთხვევაში მასწავლებლები უკავშირდებიან და ინდივიდუალურად აძლევენ დავალებებს. მეც ვცდილობ აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველდღიურად ვეკონტაქტები კლასის ხელმძღვანელებს და მათგან ვიღებ ინფორმაციას. ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით დისტანციურ სწავლებას აქტიურად ავუწყვეთ ფეხი.
გასულ სასწავლო წელს, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა ყველას გაგვიჭირდა. ამჟამად მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება. ტექნოლოგიების დასაუფლებლად მათ უფასო ონლაინტრენინგები უტარდებათ. მშობლებიც აქტიურად ჩაერთვენ ონლაინსწავლების პროცესში. ბავშვებიც მიეჩვიენ და გაითავისეს.
თუ მშობელი ყურადღებიანია და დაინტერესებულია შვილის სწავლით, მაშინ მოსწავლეებიც აქტიურობენ. ახლა ონლაინსწავლების კუთხით უკეთესი შედეგი გვაქვს.
დისტანციური სწავლების პროცესზე გადასვლამ გარკვეულწილან იმოქმედა პედაგოგთა სტატუსის გაუმჯობესებაზეც. კიცხის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა გარე დაკვირვების გაკვეთილი შემდეგ სემესტრში გადაიტანა, რადგან გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარება დისტანციურად დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. საკმაოდ ძლიერად უნდა იყო პედაგოგი მომზადებული და კლასიც დისტანციურ სწავლებაზე შეჩვეული უნდა გყავდეს“.
თამარ წიწილაშვილი იმედოვნებს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
დისტანციური სწავლების პროცესზე გადასვლა ყველაზე მეტად რთული პირველკლასელთათვის აღმოჩნდა. კიცხის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელი, თეონა გამცემლიძე ამბობს, რომ გაკვეთილები დილიდან იწყება, რაც ძალიან კარგია იმისთვის, რომ ბავშვები რეჟიმში იყვნენ. „მასწავლებლები მაქსიმალურად იხარჯებიან. პირველკლასელთათვის დისტანციურად სწავლა შედარებით რთულია, მაგრამ ჩემს შვილს სწავლის პროცესში მაქსიმალურად ვეხმარები“.
დისტანციური სწავლების პროცესს კარგად მოერგო კიცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბერაძე. ის ყველა გაკვეთილს ესწრება.
„კარგად ვფლობ ინტერნეტრესურსებს. ინტერნეტი შეუფერხებლად მოგვეწოდება. ყველა გაკვეთილს აქტიურად ვესწრები. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას“, – ამბობს ნიკოლოზ ბერაძე.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის