ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეებს ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შევკრებთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – მას შემდეგ, რაც სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ფუნქციონირება  ხარაგაულში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა წრეებმა შეწყვიტეს. შესაბამისად, კონცერტის ჩასატარებლად ისინი მზად არ არიან. პანდემიის გამო ღონისძიებების მოწყობა გვეკრძალება.

საახალწლოდ მერიის წინ ნაძვის ხე დაიდგმება. მოვიკითხავ სხვა მუნიციპალიტეტებში კოლეგებთან. გავიზიარებ ყველა გონივრულ მოსაზრებას, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ პირობებში“.

საახალწლო ღონისძიებას ვერც ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გამართავს. მოსწავლეთა სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი გეგმავს, რომ საახალწლო ღონისძიებისთვის განსაზღვრული თანხით მოქმედი წრეების მოსწავლეებს საჩუქრები შეუძინონ.

„ზოგ მოსწავლეს სახლში გავუგზავნით საჩუქარს. თუ მოსწავლეები ადგილზე მოსვლას შეძლებენ, რეგულაციების დაცვით მივიღებთ და აქვე დავასაჩუქრებთ. მათ პატარა სიურპრიზსაც მოვუწყობთ.

საახალწლო საჩუქარს გალობის, მაკრამეს, ხელგარჯილობის, საესტრადო სიმღერების, ხატვის, ლიტერატურული თეატრის, მათემატიკის, ინგლისური ენისა და მხარეთმცოდნეობის შემსწავლელ წრეებზე ახალ სასწავლო წელს დარეგისტრირებული ყველა მოსწავლე მიიღებს. ამ წრეების მეცადინეობები ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა.

ჩვენ მარელისის სკოლაში ხის მხატვრული დამუშავების, ლეღვნის სკოლაში – ხალხური საკრავების, ბორითის სკოლაში – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები გვაქვს. ამ წრეების საქმიანობა ახალ სასწავლო წელს არ განახლებულა“.

ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საახალწლო განათების დამონტაჟება იგეგმება.

კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების ბუღალტერის, ვიტალი იჩქიტიძის ინფორმაციით, ქუჩის მოსართავი აქსესუარების შესაძენად ტენდერი 7 080 ლარზე გამოაცხადეს. ორგანიზაციის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ 25 დეკემბრისთვის ხარაგაულის ქუჩის საახალწლოდ მორთვას შეძლებენ.

ნინო კაპანაძე