„ეპიდსიტუაციის კუთხით ოდნავი უკეთესობა ჩანს, შესაბამისად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ ფაქტმა, რომ „ოდნავი უკეთესობა გვაქვს, ადამიანები არ უნდა მოადუნოს. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ძალიან კარგია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 50%- დან 75%-მდე გაიზარდა. თუ ეს ციფრი 95%-მდე გაიზრდება, გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის საუკეთესო პრევენციული ღონისძიება“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს. დღეს გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332-მდე გაიზარდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისი- 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო – ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.