შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიურ 16-დღიან გლობალურ კამპანიას მიეძღვნა.

2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შსს-ს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა, რაც განსახილველად სასამართლოს გადაეცა. 2019 წელს, სექსუალური შევიწროების 19, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.

სექსუალური შევიწროება, ძირითადად, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, რაც უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. პრაქტიკის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღის საათებში ხორციელდება.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა ასაკი 16-დან 45 წლამდე, ხოლო სამართალდამრღვევთა ასაკი – 17-დან 55 წლამდე მერყეობს. სამართალდარღვევის მსხვერპლები ხდებიან როგორც ქალები, ისე კაცები. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, სექსუალური შევიწროება ქალებისა და გოგონების მიმართ ხორციელდება.

საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების საქმეებზე გამოვლენილ სამართალდამრღვევთა მიმართ, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით, ძირითად შემთხვევაში, ჯარიმა გამოიყენება.

სექსუალური შევიწროების საკითხებზე აქტიურად მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრების, პატრულ-ინსპექტორებისა და გამომძიებლების გადამზადება. დღესდღეობით, 300-ზე მეტ სამართალდამცავს უკვე გავლილი აქვს შესაბამისი სწავლების კურსი. აღნიშნული პროცესი, პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ რეჟიმში კვლავ გრძელდება.

მოსახლეობაში ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ნაკლებობა კვლავ რჩება უმთავრეს გამოწვევად. მსგავს გამოწვევებთან ბრძოლის მიზნით, შსს აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, როგორც სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დროული რეაგირების, ასევე, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.

ანგარიშის წარდგენა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.