ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი გახდა.
დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი ნოემბრის დასაწყისში გამოავლინა, დღეს, პირველ დეკემბერს, კი გამარჯვებულები დაასახელა.
„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარით დაჯილდოვდებიან.
ანუშკა ჩხეიძემ საკონკურსოდ სადებიუტო ალბომი Halfie წარადგინა, რომელიც 24 აპრილს ვინილზე წარადგინა. ალბომი 8 ტრეკისგან შედგება და ელექტრონული ჟღერადობისაა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი ასეთ აღიარებას და მერიდება, – გვითხრა ანუშკა ჩხეიძემ, – მაგრამ ძალიან მიხარია.
კონკურსში პირველად ვმონაწილეობდი. ბავშვობიდან არ მომწონდა შედარებები, რადგან ადამიანებს და მათ შემოქმედებას ინდივიდუალურად აღვიქვამ.
თუმცა ჩემზეც და ყველაზეც ასეთი გამარჯვება პოზიტიურად მოქმედებს. მიხარია, რომ იმ ნომინანტებთან ერთად ვიყავი, ვინც მუსიკალურ სფეროში ნამდვილად ღირებულს ქმნის“.
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.
პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია“. სწორედ ამიტომ პრემია ზურაბ ჟვანიას სახელობისაა.
ლიკა ხიჯაკაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,