ორი წელია, რაც ხარაგაულელი ანა ჩხეიძე ელექტრონულ მუსიკას ქმნის. 3 აპრილს საკუთარი შემოქმედება პრაღაში, საზოგადოებრივი რადიოს მსმენელებს გააცნო. 14 აპრილს თბილისში, დედაენის ბაღში წარსდგა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე.

11 მაისს ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ანა ჩხეიძე გახსნის. ანა ქმნის ელექტრონულ მუსიკას სპექტაკლებისა და ფილმებისთვის.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებმა ანა ჩხეიძე ინტერვიუსთვის მოიწვიეს.

ელენე ტალახაძე: -ანა, რატომ, როდის და რომელ ასაკში დაინტერესდი ელექტრონული მუსიკით?

– ხუთი წლიდან ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს შესწავლა დავიწყე. ჩემთვის მელოდიებს ვაწყობდი. 14 წლისამ ხარაგაულში ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი შევქმენი. მაშინ მუსიკა პირველად დავჭერი და გადავაბი. მერე მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონდა. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ვგრძნობდი, ჩემი პროფესია ვერ ვიპოვე და სხვა რამ მსურდა. თბილისში აღმოვაჩინე კრეატიული განათლების სტუდია, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის ფუძემდებლებმა ნიკა მაჩაიძემ და ნატალია ბერიძემ ჩამოაყალიბეს. ამ სტუდიაში სწავლისას მივხვდი, რომ ელექტრონული მუსიკა უნდა შემექმნა.

ელენე ჭყოიძე: -გარდა ელექტრონული მუსიკისა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

– თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის მესამე კურსზე ვსწავლობ. ხელოვნების დარგების, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლა მიზიდავს. ცეკვა მიყვარს. დღემდე ჩემთვის სახლში სულ ვცეკვავ.

კესო ჩხიკვაძე: -ვინ არის თქვენი კუმირი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შემქმნელებიდან და რატომ?

– ბევრი მუსიკოსი მიყვარს და ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, ჯაზს… გამორჩეული კუმირი არ მყავს, თუმცა ჩემი ჰობი თავად მუსიკის შექმნის პროცესია.

საბა ებანოიძე: -თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლით?

– ჯერ წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. ორი წელია, რაც ელექტრონულ მუსიკას ვქმნი. მთავარი ისაა, რომ ჩემი საქმე ვიპოვე. ზოგი მთელი ცხოვრება ვერ პოულობს საყვარელ საქმეს. ორი წლის წინ დავრწმუნდი, რომ მე ეს უნდა ვაკეთო. როცა ვუკრავ, ერთი ადამიანიც თუ აღმოვაჩინე, რომელიც გულწრფელად და ინტერესით მისმენს, ეს უკვე ჩემთვის წარმატებაა.

კრეატიული განათლების სტუდიაში რომ სწავლა დავიწყე, ნიკა მაჩაიძემ მთხოვა, მოგვასმენინე, თუ რამე გაქვს გაკეთებულიო. იმ პერიოდში ვწერდი მუსიკას ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლისთვის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი.“ ნიკამ მოუსმინა და მითხრა, რომ ელექტრონული მუსიკის შექმნა მომავალში აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

ნანუკა ლურსმანაშვილი: -მუსიკალური ნაწარმოებების შექმნისას თქვენს შინაგან სამყაროში რა ხდება?

– მთავარია, რაღაც მომენტი დავიჭირო და ვხვდები, რომ მუსიკის შექმნა უნდა დავიწყო. იდეა რომ არ დამავიწყდეს, სასწრაფოდ ტელეფონში ვიწერ. ხმებს ვაგროვებ. ჩემს მუსიკაში, ძირითადად, ცოცხალი ხმებია. ძალიან საინტერესოა, როცა აანალიზებ, რომ ის კონკრეტული ხმა შენი მუსიკისთვისაა. ზოგი ამბობს, მესიზმრება, რასაც ვწერო. მე სიზმრებს საერთოდ არ ვნახულობ. ზოგს მელოდია გონებაში დიდხანს აქვს და დრო სჭირდება გადმოსაცემად. მე პირდაპირ ნაწარმოების შექმნას ვიწყებ.

არმაზი შავიძე: -როგორ გარემოში წერთ მუსიკას, განსაკუთრებული პირობები გჭირდებათ?

– მუსიკის წერისას სახლში სრულიად მარტო ვარ. ოჯახის წევრების თანდასწრებით არ გამომდის. ჩემთვის კომფორტის ზონაა ხარაგაული. ყველაზე კარგად ხარაგაულში, ზაფხულში, ღია სივრცეში ვმუშაობ. კლუბებში დაკვრა არ მიყვარს. თუშეთში შესრულებისას მსმენელს საერთოდ ვერ ვხედავდი, მხოლოდ ვარსკვლავები ჩანდა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი. შარშან მე და ჩემმა მეგობრებმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახვლარში ჩავატარეთ. ელექტრონულ მუსიკას ღია სივრცე ძალიან უხდება. ტექნიკურად რომ ვითარდები, მერე შეიძლება შეკვეთითაც დაწერო მუსიკა. თუმცა, ეს ვერ იქნება გულწრფელი.

ქრისტინე მაღრაძე: -ვინ არის თქვენთვის მისაბაძი პიროვნება?

ჩემი ბებო მარინე დევდარიანი. მე და ჩემი და-ძმა ბებომ გაგვზარდა. დედა თბილისში მუშაობს და ოჯახური პირობები ასე მოითხოვდა. ბებო მისაბაძია და ამავდროულად, გული მწყდება, რომ თავისი ცხოვრების დიდი დრო შვილიშვილებს დაგვითმო. ალბათ, რაღაცები, რისი გაკეთებაც უნდოდა, ვერ შეძლო. თუმცა, ძალიან დასაფასებელია, რომ მის გვერდით გავიზარდეთ, ადამიანებთან ურთიერთობები, ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება გვასწავლა. ბებოს რჩევების გათვალისწინებას ყოველთვის ვცდილობ.

ანა კვინიკაძე: -ელექტრონული მუსიკის გარდა, სხვა ინტერესები და მიზნებიც გაქვთ?

– ჩემი მომავალი აუცილებლად მუსიკას დაუკავშირდება. თიბისი ბანკისგან ორგანიზებულ ღონისძიებაზე ორკესტრთან შესრულება მომეწონა. ამიტომ მომავალში მუსიკას ცოცხალი ინსტრუმენტებისთვის შევქმნი.

ახლა ერთ-ერთი სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე ვმუშაობ. უცხოეთში თეატრების უმრავლესობა ელექტრონული მუსიკით იდგმება. კლუბი „ბასიანი“ რომ დაარბიეს, ამაზე ფილმს იღებენ და მუსიკა მე უნდა შევქმნა.

ვგრძნობ, რომ მუსიკის მიმართულებით უნდა წავიდე. საზღვარგარეთ რომ ვისწავლო, კონსერვატორიის დიპლომს ითხოვენ. ამიტომ ელექტრონული მუსიკის შესწავლის გაგრძელება კონსერვატორიაში მინდოდა. მერე გავაანალიზე, რომ პროფესიის შეცვლა არ ღირს. კრეატიული განათლების სტუდიაში კონსერვატორიის ლექტორები მასწავლიან და მათ არ მირჩიეს. პირიქით, ძალიან მოსწონთ, მართვის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობ და მუსიკაც მიყვარს. ორი სხვადასხვა მიმართულებაა, თუმცა შესაძლებელია, რომ ორივეგან წარმატებული იყო.

ჩემი საქმიანობა საქართველოში მაინცდამაინც შემოსავლიანი არ არის. უცხოელი უფრო მეტს გიხდის, ვიდრე – ქართველი. თან აქ რომ გაიცნობ ადამიანს, უკვე ახლობელი ხდება და ყველას უნდა „უჯიგრო“. თუმცა, თუ საქმე გიყვარს და გულით აკეთებ, შემოსავლის მიღება არ გაგიჭირდება. მთავარია, პროფესია იმისთვის არ აირჩიო, რომ იქ მეტი ფული იშოვება.

ანა კვინიკაძე: -ხარაგაულში ხომ არ აპირებ კონცერტის გამართვას?

– ზაფხულში ხარაგაულში ნიდერლანდებში მცხოვრები მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია მსურს ჩამოვიყვანო. ჩამოსვლა თუ ვერ შეძლო, ელექტრონული მუსიკის კონცერტს მე მაინც ჩავატარებ.

ელენე ტალახაძე: -ოჯახის წევრები და ახლობლები როგორ უყურებენ შენს საქმეს?

– ელექტრონული მუსიკის შექმნა ხმაურიანია. ჩვენს ბინაში ზედა სართულზე მცხოვრები მეზობელი წუხდა ხოლმე. ორკესტრთან ერთად რომ დავუკარი, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იყო, ვიდრე წარმოედგინათ. ახლა მეზობლები მეუბნებიან, თქვენი ბინიდან ხმა რატომ აღარ გამოდისო. ოჯახის წევრები მამხნევებენ. პირველად ჩემს ძმას, შაკოს, ვასმენინებ. თუმცა, შესაძლოა, არ გავითვალისწინო, რასაც მეტყვის. დედაჩემს, მეკოს, ყოველთვის ალტერნატიული ვარიანტი აქვს, თუ რას გააკეთებდა თვითონ. უმცროს დას, თიკოს, ეს მიმართულება არ აინტერესებს.

საქართველოში ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ ელექტრონულ მუსიკაზე. ფიქრობენ, რომ კომპიუტერში სხვადასხვა ხმებს მექანიკურად აერთებ. დიახ, ეს ციფრული მუსიკაა და კომპიუტერთან იქმნება, თუმცა შემოქმედებითი პროცესია.

ელექტრონული მუსიკა მრავალ ჟანრს მოიცავს. ერთმანეთში უამრავი რამ ირევა და იმიტომ მომწონს, ბევრი რამის გაერთიანება რომ შემიძლია. განსხვავებულია ქართული ელექტრონული მუსიკა, რადგან ხშირად ფოლკლორის ელემენტებს იყენებენ. ქართული გალობა ჩემზე დიდ გავლენას ახდენს. ბევრი ხმის ნაზავი მიყვარს. თუ კარგად მოუსმენ, ქართველისა და უცხოელის მიერ შექმნილ ელექტრონულ მუსიკას აუცილებლად განასხვავებ.

ელექტრონული მუსიკის შესაძლებლობები ამოუწურავია და ის ძალიან დიდხანს იცოცხლებს.

 

ფოტოებზე: ანა ჩხეიძე „იმედი ხვალის“ სტუდენტებთან ერთად