ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება.

ზვარე, წიფა, გედსამანია, ხუნევი, – ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს. შესაბამისად, სტუდენტები, მასწავლებლები და მოსწავლეები ონლაინსწავლების პროცესში დიდ პრობლემებს აწყდებიან.

მობილური ინტერნეტით სარგებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მოსწავლეებს მობილური ინტერნეტით თიმსის პროგრამაში შესვლა უჭირთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების გარკვეულ ნაწილში ინტერნეტი ხელმისაწვდომია, მაგრამ მოსახლეობას ის ოჯახებში ვერ შეჰყავს. ინტერნეტის მიმღების დაყენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

სოფელ გედსამანიაში არა თუ ინტერნეტი, მობილური ტელეფონიც კი არ იჭერს. მოსწავლეები სოფელში ისეთ ადგილებს ეძებენ, სადაც სატელეფონო კავშირს დაიჭერენ. მასწავლებლებს ტელეფონით ურეკავენ და გაკვეთილებს ასე ინიშნავენ.

გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთანაა შერწყმული. ხუნევის სკოლის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა თხოვნით, რომ გედსამანიაში ინტერნეტის მიმღები ან გამაძლიერებელი დაემონტაჟებინათ. სამინისტროდან უპასუხეს, რომ ერთ სკოლას ორ ინტერნეტმიმღებს ვერ დაუდგამენ.

სამინისტრომ გედსამანიიდან 3 კილომეტრით დაშორებულ ხუნევის სკოლაში ინტერნეტის მიმღები კი დააყენა; თუმცა, ამით მაღალმთიან გედსამანიაში მცხოვრები მოსწავლეები ვერანაირად ვერ ისარგებლებენ.

„გედსამანიელი ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან. ნეტავი, იმ დროს მოვესწროთ, ინტერნეტი რომ გვექნება; მთელი სოფელი დაისვენებს“, – ამბობს ხუნევის სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე.

„ვახანში ოჯახების გარკვეული ნაწილი უკიდურესად გაჭირვებულია და ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ბუკები აქვთ, ინტერნეტის გარეშე ვერ იყენებენ და ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან. შესაბამისად, სწავლების პროცესი სრულფასოვანი ვერაა“, – ამბობს ვახანის სკოლის დაწყებით კლასების მასწავლებელი ნინო ღონღაძე.

„წყალაფორეთში ინტერნეტი მხოლოდ რამდენიმე ოჯახში აქვთ. მხოლოდ ორი მოსწავლე უკავშირდება მასწავლებელს ონლაინ, დანარჩენები – ვერა. კარგი იქნება, ამ საკითხს თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევს და ჩვენს ბავშვებს დაეხმარებიან, იქნებ სწავლა უფრო მოინდომონ“, – ამბობს წყალაფორეთში მცხოვრები თამარ დვალი.

„წიფაში გაკვეთილების ონლაინ ჩატარება ძალიან გვიჭირს. მასწავლებლის ხმა გვიან მოდის. დაკავშირების პრობლემებიც გვაქვს. საგაკვეთილო პროცესი, ძირითადად, მესენჯერში მიმდინარეობს, რადგან თიმსის პროგრამას მობილური ინტერნეტის სიძლიერე არ ჰყოფნის. თუ სოფელში ინტერნეტის გამაძლიერებელი დაიდგმება, ეს პრობლემაც მოგვარდება, – ამბობს წიფის სკოლის მოსწავლის მშობელი ფატი ღამბაშიძე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ სოფლებში ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობის პრობლემის შესახებ განათლების სამინისტროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფორმაცია აქვთ.

„მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ესწრება ონლაინ გაკვეთილებს. განათლების სამინისტროს გავუგზავნეთ იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ინტერნეტის პრობლემაა. დაგვპირდნენ, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.

 ლიკა ხიჯაკაძე