ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული გეგმური ქირურგიული მომსახურებისთვის საგარანტიო ფურცლის გაცემა შეჩერებულია.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სასწრაფო-გადაუდებელი, ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურების დაფინანსება გრძელდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, გეგმიური ოპერაციის დაფინანსებაზე თანხმობას პაციენტი განცხადების შეტანიდან ექვსი თვის შემდეგ იღებდა.

-რაც მთავარია, არ შეჩერებულა ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული პროცედურებისა და გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება, – ამბობს ნანა კიკნაძე, – დღეს დილითაც გავეცით საგარანტიო წერილი ერთ-ერთ მოქალაქეზე, რომელმაც ხელი მოიტეხა და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაციასთან საუბარში მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ პანდემიის დროს მედპერსონალის, საწოლებისა და ფინანსების დეფიციტი მოსალოდნელი იყო.

-გეგმიური ოპერაციები ევროპის ყველა ქვეყანაში გადაიდო. ეს ის ოპერაციებია, რომელთა ჩაუტარებლობა შეიძლება ადამიანმა მოითმინოს და ეს ახლა ბუნებრივი მოვლენაა, – ამბობს თენგიზ ვერულავა, – ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან – საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საავადმყოფოები თითზე ჩამოსათვლელია. კერძო მომგებიან კლინიკებს კი თავისი მიზნები აქვთ.

ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გეგმიური ოპერაციების მომლოდინე პაციენტებზე ოჯახის ექიმების კონსულტაციები და მათზე დისტანციური მეთვალყურეობა გაძლიერდეს.

იმედია, მომავალში ხელისუფლება იზრუნებს სახელმწიფო და მუნიციპალური საავადმყოფოების შექმნასა და არსებულის გაძლიერებაზე.

ნინო კაპანაძე