
კორონავირუსის პანდემიის პირობებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილებაში ფულადი სოციალური შემწეობის დასანიშნად მისულ მოქალაქეთა რაოდენობა, წინა თვეებთან შედარებით, შემცირდა.
სოციალური სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნანული ტაბატაძე ამბობს, რომ მათ სამსახურს შემწეობის დანიშვნის ან ოჯახის ხელახალი გადამოწმების მიზნით დღეში ათამდე მოქალაქე აკითხავს.
„სოცაგენტები, მოქალაქის განცხადების მიღებიდან მალევე მიდიან ოჯახის მდგომარეობის შესასწავლად და დეკლარაციის შესავსებად, – ამბობს ნანული ტაბატაძე, – თუმცა, კანონით, ამისთვის ერთთვიანი ვადა აქვთ. ამჟამად უფრო მეტად ის მოქალაქეები გვაკითხავენ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა. ასეთი ოჯახები ხელახალ გადამოწმებას ითხოვენ. მათ, პანდემიის გამო, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით თანხა ერიცხებოდათ – ერთწევრიანი ოჯახი 70 ლარს იღებდა, ორწევრიანი – 90 ლარს, სამწევრიანი – 105 ლარს.
ექვსი თვის განმავლობაში 100-100 ლარი მიიღეს ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა, 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე იმ ოჯახებმა, რომლებსაც ჰყავდათ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა.
პანდემიის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოდან ხელახალი გადამოწმებისთვის აღარ გვეგზავნება იმ ოჯახების სიები, რომლებსაც დახმარება ოთხი წლის წინ დაენიშნათ. მოგეხსენებათ, მათ გარკვეული პერიოდით, ფულადი შემწეობა უჩერდებოდათ. ფულადი შემწეობის მიღება არ შეჩერებულა ასევე ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ ფულადი სოციალური შემწეობა ეკუთვნის, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მოგვაკითხოს. თან ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს. განცხადება ადგილზე შეივსება.
თუ ოჯახს 65 ათასზე ნაკლები ქულა მიენიჭება, მას ფულადი შემწეობა დაენიშნება. 70 ათასზე ნაკლები ქულის შემთხვევაში, ოჯახს სამედიცინო დაზღვევის პოლისს მისცემენ.
თუ ოჯახი მინიჭებული სარეიტინგო ქულით უკმაყოფილოა, ხელახალი გადამოწმებისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ უნდა მოგვმართოს. ერთ წლამდე ეს დასაშვებია მხოლოდ ოჯახის დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში ან თუ ოჯახის რომელიმე წევრმა ლეგალური შემოსავალი დაკარგა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში მისულ სოცაგენტს შემოსავლის, ქონებისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია არ დაუმალოთ. ოჯახის ლეგალური შემოსავლის, მიწის ფართობის, ავტომობილის ფლობის, საზღვრის კვეთის შესახებ ყველა ბაზაზე ხელმისაწვდომია“.
ფულადი სოციალური შემწეობის პროგრამის მიმართ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულის მინიჭების კრიტერიუმები ბუნდოვანი და არასამართლიანია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში მცხოვრები 69 წლის მზია სხილაძე ამბობს, რომ მისი საყოფაცხოვრებო პირობები გაუსაძლისია. სახლში 33 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ქალბატონი მზია ამბობს, რომ ოთახებში იატაკი არ აქვთ, არ ჰყავთ წვრილფეხი და უმეტესად მჭადით იკვებებიან. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 220 ლარი პენსიაა.
„სამი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, – ამბობს მზია სხილაძე – მაშინ ფულად სოციალურ შემწეობას ვიღებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ დახმარება შეგვიჩერდა. ვწერთ განცხადებებს და მაღალი ქულები მოდის. ასეთი რა ნახეს ჩემს მოუწყობელ სახლში, ვერ ვხვდები. უფულობის გამო ექიმთან ვერ მივდივარ“.
ხარაგაულის სოციალური სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნანული ტაბატაძე განმარტავს, რომ მზია სხილაძემ სააგენტოს ხელახალი გადამოწმების მიზნით 2019 წლის 25 დეკემბერს მიმართა.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის სარეიტინგო ქულა 95 ათასია.
„წესით, ფულადი შემწეობა ეკუთვნის, – ამბობს ნანული ტაბატაძე, – მიწისა და სახლის ფართობები მცირეა. ელექტროენერგიის ხარჯი წლის განმავლობაში 84 ლარს შეადგენს. მაღალი ქულა, შესაძლოა, იმიტომ მიენიჭა, რომ ოჯახში შრომისუნარიანი მამაკაცია. მზია სხილაძის ოჯახს ხელახალი გადამოწმების მიზნით შეუძლია 2020 წლის 25 დეკემბრიდან მოგვმართოს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის, ნინო ჭიღლაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ფულად სოციალურ შემწეობას იმერეთში პროცენტულად ყველაზე მეტი მოქალაქე (18, 6%) ხარაგაულში იღებს.
იმერეთში ფულადი სოციალური შემწეობის მიმღები 18 619 ოჯახია; მათ შორის – ხარაგაულში – 1754 ოჯახი, ბაღდათში – 651, ვანში – 1242, ზესტაფონში – 1871, თერჯოლაში – 498, სამტრედიაში – 1302, საჩხერეში – 1314, ტყიბულში – 670, ქუთაისში – 2584, წყალტუბოში – 1787, ჭიათურაში – 3362, ხონში – 1584.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის