საზოგადოების გარკვეული მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდნენ პანდემიის დროს, სახელმწიფო დაეხმარებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე ის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

„65 ათასიდან – 100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. პირველი ტალღის დროს, ამ პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. 0-იდან – 100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახმარება. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, ეს მოიცავს 43 ათას ადამიანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თვითდასაქმებულთათვის, რომლებსაც მიღებული შეზღუდვები შეეხებათ, 300 ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან,  სახელმწიფო დაეხმარება მათ სესხის გადავადებაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულება და ამ პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.

ადახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ამოქმედდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათ 6 თვის – ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ.