დღეს 25 ნოემბერია – ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე.

სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ  საინტერესო და ამაღელვებელ ფილმებს ძლიერ ქალებზე.

  1. გენდერული თანასწორობა – ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა ადვოკატ რუთ ბეიდერ გინზბურგისა და მისი მეუღლის მართის ისტორიას. ისინი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალურ საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში;
  2. იყო ასტრიდი – ფილმი გადაღებულია ცნობილი შვედი ქალი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებაზე. ეს არის ისტორია ახალგაზრდა ასტრიდისა, რომელმაც მიუხედავად იმ დროისთვის დამახასიათებელი მოლოდინებისა და მისი რელიგიური აღზრდისა, გადაწყვიტა საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები დაერღვია და თავის გულისთქმას გაჰყოლოდა;
  3. სამი ბილბორდი მისურიში, ებინგის საზღვარზეფილმის  რეჟისორი მარტინ მაკდონაჰი წერს: „დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტობუსით ვმოგზაურობდი და ფანჯრიდან თვალი მოვკარი ბილბორდს, რომელზეც ასეთი რამე ეწერა: „რატომ არაფერს აკეთებთ ამ დანაშაულის გასახსნელად?“. ჩემს თავს ვკითხე, საიდან ამხელა ტკივილი? ვის უნდა დაეწერა  ასეთი რამე სარეკლამო დაფაზე? რაღაც მომენტში წარმოვიდგინე, რომ ამას იზამდა დედა, ქალი, რომელიც ახალგაზრდა აღარაა. იგი გლოვობს შვილს, თან ბრაზი და წუხილი ახრჩობს. ჩემთვის ეს ბილბორდები კინემატოგრაფიული მოვლენა იყო“. თუ თქვენ ეს ფილმი ნანახი არ გაქვთ, წინ საინტერესო ორი საათი გელოდებათ;
  4. პირველი ცოლების კლუბი – კომედიურ ჟანრში წარმოდგენილი ძლიერი ქალების ეს  ისტორია არ უნდა გამოგრჩეთ;
  5. იჯირითე როგორც გოგონამ – ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული და გვიყვება პირველი ქალი ჯოკეის ისტორიას, რომელმაც მელბურნის თასი მოიგო;
  6. ქალი მიდის წინ – ეს ფილმიც ნამდვილი ამბების მიხედვითაა გადაღებული. მთავარი გმირი გახლავთ აქტივისტი და მხატვარი ქალი ქეთრინ უელდონზი. იგი ინდიელთა უფლებებისთვის იბრძოდა. თუ ისტორიული ჟანრის ფილმები გიყვართ, ეს ფილმიც აუცილებლად მოიგებს თქვენს გულს;
  7. ღამის შოუ – ფილმის მთავარი გმირები ორი  ორ ძლიერი, სხვადასხვა თაობისა და კულტურის ქალბატონები არიან. ამ ფილმის  ყურებისას მხიარული და სევდიანი განწყობა მონაცვლეობით მოგიცავთ. ამიტომ აუცილებლად უნდა ჩართოთ;
  8. ნიირჯი – ფილმი დაფუძნებულია სტიუარდესას, ნიირჯი ბჰანოტის, ცხოვრებაზე, რომელმაც 1986 წელს  სიცოცხლის ფასად გადაარჩინა 359 მგზავრი, როდესაც თვითმფრინავი ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიყვანა მძევლად;
  9. უდაბნოს ყვავილი – ეს არის ისტორია პირველ ქალზე, რომელმაც ღიად გააპროტესტა აფრიკულ ქვეყნებში გოგონების წინადაცვეთა. 13 წლის ასაკში მან რაღაცნაირად მოახერხა უდაბნოდან გაქცევა და მოგადიშომდე მიღწევა, მოგვიანებით კი ლონდონში აღმოჩნდა. რამდენიმე წელში მან მოახერხა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი გამხდარიყო, მაგრამ ის ამ წარმატებით არ შემოიფარგლა და თავისი ბავშვობის გათვალისწინებით ვწამოიწყო კამპანია ქალების წინადაცვეთის წინააღმდეგ, შექმნა ფონდი და დაინიშნა გაეროს ელჩად. ფილმი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა და ვარის დირიეს ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვითაა გადაღებული;
  10. მის სლოუნი – ამბავი ამბიციური ლობისტი ქალისა. იგი პირისპირ ეჯახება წინააღმდეგობას, როდესაც ცდილობს შეცვალოს იარაღის კონტორლის კადნონმდებლობა. ჭკვიანი ქალის ეტალონი, რომელიც ნებისმიერ ფასად აღწევს თავის მიზანს, მაშინაც კი არ ნებდება, როცა იცის რომ მისი ყველანაირი მცდელობა აბსურდულია.