საქართველოში ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად საუბარი დაიწყო ქვეყანაში მკაცრი საყოველთაო შეზღუდვების შემოღებაზე. ამ საკითხზე აზრი ორად გაიყო.
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. მეორე ნაწილის აზრით კი უმთავრესი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, რადგან სწორედ შეზღუდვები არის კორონავირუსის შეჩერების უმთავრესი საფუძველი.
იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე ხარაგაულელები, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე წერტილოვანი შეზღუდვების მომხრეა. ის თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტვას ვერ გაუძლებს.
„სრული ჩაკეტვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება, მაგრამ თუ აუცილებელი გახდა, ეს უნდა განხორციელდეს. უმთავრესი ხომ ადამიანის ჯანმრთელობაა. ბავშვებისთვის სკოლაში სიარული უმჯობესია, მაგრამ დისიტანციურ სწავლებაზეც კარგად ავეწყვეთ.
ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეების 90-95% გაკვეთილებს სისტემატურად ესწრება. ახლა კი მშობლებს ეშინიათ და შვილებს სკოლაში არ უშვებენ. ეს გასაგებიცაა. ამიტომ, ვფიქრობთ კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეთ, ათი დღით მაინც“.
„ქვეყანაში ისეთი ეპიდვითარებაა, რომ, ჩემი აზრით, შეზღუდვების დაწესება აუცილებლობას წარმოადგენს, – ამბობს მარინა ჭიპაშვილი, – შეიძლება ამას ქვეყნის ეკონომიკამ ვერ გაუძლოს. სწორედ ამიტომ თავის დროზე უნდა ყოფილიყო ყველაფერი ისე გაკეთებული, როგორც საჭიროა. შესაბამისად, არც მედიცინა ჩავარდებოდა ამ დღეში და არც საზოგადოება“.
„კარგი იქნება თუ შეზღუდვები დაწესდება, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ძალიან მოიმატა. ამის მიზეზი კი არისაა, რომ ადამიანები რეკომენდაციებს არ იცავენ. ჯანმრთელად თუ არ ხარ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, – ამბობს მარინა ციცქიშვილი.
შპს „ფარმაციას“ დირექტორი იზოლდა ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
„ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაწესებული რეგულაციები დაიცვას. უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს ჯანმრთელობას, ასევე – გარშემო მყოფებს. დავიცვათ დისტანცია, გავიკეთოთ პირბადეები, ხშირად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარებით. ყველაფრის შეზღუდვა აუცილებელი არ არის, რადგან ამას ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს იქ, სადაც ინფიცირებულთა მოჭარბებული რაოდენობა იქნება“.
„პირველ რიგში უნდა აიკრძალოს მიტინგები, რომელიც ვირუსის გადადების ყველაზე დიდი წყაროა. მარტო სახელმწიფო რას იზამს, თუ მე, შენ, თქვენ, არ დავემორჩილეთ რეგულაციებს. პირბადე უნდა ვატაროთ. ასკაციან და ორასკაციან შეკრებებს თავი უნდა ავარიდოთ.
უნდა მივხვდეთ, რომ დიდი თავყრილობების დრო აღარ არის, – ამბობს ნიკო დეკანოსიძე,- შეზღუდვები ეკონომიკაზე იმოქმედებს. ბიუჯეტი არ შეივსება, ქვეყანა კი ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ეპიდსიტუაციის დამშვიდება დიდი თავყრილობების აკრძალვის საფუძველზეა შესაძლებელი“.
ლიკა ხიჯაკაძე
ასევე დაგაინტერესებთ
რას ფიქრობენ ხარაგაულელები კორონავირუსზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი