მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში „წამყვანი მასწავლებლის“ სტატუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 15-მა მასწავლებელმა დაიმსახურა. რამდენიმე მასწავლებელი პასუხს ელოდება.

ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მასწავლებლებმა გარე დაკვირვება გაიარეს. ნაწილი გარე დაკვირვების გაკვეთილს ნოემბერსა და დეკემბერში ჩაატარებს.

„ჩემი ხარაგაულისგან“ მოპოვებული ინფორმაციით, წამყვანი მასწავლებლები გახდნენ:

მარიკა გოლუბიანი (ხარაგაულის #2 სკოლა, ინგლისური ენა);
ინგა გლუნჩაძე (ბაზალეთის სკოლა, მათემატიკა);
ნანა ბერიძე (ბორის სკოლა, ინგლისური ენა);
ნატო შათირიშვილი (ზვარეს სკოლა, მათემატიკა);
ჟანა ნიშნიანიძე (კიცხის სკოლა, ინგლისური ენა);
ელისო არჯევანიძე (კიცხის სკოლა, ქიმია);
ნინო გაგოშიძე (კიცხის სკოლა, მათემატიკა);
ელენე ჟღენტი (კიცხის სკოლა, დაწყებითი კლასები);
ლამარა ჭანკვეტაძე (ლაშის სკოლა, დაწყებითი კლასები);
ეკა ქურდაძე (მარელისის სკოლა, რუსული ენა);
ირმა ჩაჩანიძე (ნადაბურის სკოლა, ინგლისური ენა);
თეონა თურქაძე, ლელა ზუბაშვილი (წიფის სკოლა, ინგლისური ენა);
მზია ბერაძე (ხიდრის სკოლა, ინგლისური ენა);
თამთა მაისურაძე (ხიდრის სკოლა, ბიოლოგია).

ხიდრის სკოლის მასწავლებელმა მზია ბერაძემ ინგლისურ ენაში გარე დაკვირვების გაკვეთილი მეექვსე კლასში ჩატარა. ის ამბობს, რომ საკუთარი თავით კმაყოფილია, რადგან მოსწავლეებისგან უკუკავშირი მიიღო და რაც მთავარია, გაკვეთილი წინასწარ დადგმული არ იყო.

ბაზალეთის სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ინგა გლუნჩაძემ, რამდენიმე კოლეგის მსგავსად, გარე დაკვირვების გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარა. იმის გამო, რომ სკოლაში საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

– ურთულესი პრობლემის წინაშე დავდექი, – ამბობს ინგა გლუნჩაძე, – განათლების სამინისტროდან შემატყობინეს, რომ გარე დაკვირვების გაკვეთილი 30 ოქტომბერს უნდა ჩამეტარებინა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და მოგეხსენებათ, როგორი დატვირთული ვიქნებოდი არჩევნების წინა დღეს. ონლაინ გაკვეთილის დროს ინტერნეტის ხარისხზეც ხარ დამოკიდებული.

თუმცა ჩემი თანამშრომლებისა და რაც მთავარია, მოსწავლეების მხარდაჭერით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში ხარაგაულში მოქმედ სკოლებში სულ 36 წამყვანი მასწავლებელი იყო.