ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობა გრძელდება. ამჟამად ტაძარში კიბეების, პანდუსისა და მოაჯირების მოწყობა მიმდინარეობს. ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი ირაკლი ებანოიძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში კანკელის დადგმა იგეგმება.

„სამუშაოები ჯერ კიდევ ბევრია, მოაჯირებში ფერადი, გამოწრთობილი მინები უნდა ჩაისვას. მოსაწესრიგებელია პირველი სართულის შესასვლელი, გადასასვლელი ხიდი, ეზო, გალავანი, სამრეკლო. თუმცა, ეს სამუშაოები როდის განხორციელდება, ვერ გეტყვით. ფინანსურად რისი შესაძლებლობაც გვექნება ნელ-ნელა გავაკეთებთ“, – ამბობს ირაკლი ებანოიძე.

ტაძრის მშენებლობის ფინანსური დირექტორის, ბერიკა დუშუაშვილის თქმით, მშენებლობისათვის ფინანსების მოძიება რთულია.

„ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ასევე შემოწირულობებითა და საქველმოქმედო აქციებით შემოსული თანხები სრულად ავითვისეთ. თითოეული ლარი მშენებლობის ფონდში დეტალურად აღირიცხება. ახლა ღვთის იმედად ვართ დარჩენილი.

ტაძრის მეორე სართულის გახსნას შობის დღესასწაულისთვის ვგეგმავთ. თუმცა, გახსნის შემდეგ, პროექტის მიხედვით, უამრავი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ჩვენი ძალებით რასაც შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, ძალ-ღონეს არ  დავიშურებთ. თუმცა ბევრია დამოკიდებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებასა და შემომწირველებზე.

გრძელდება ბატონ ცეზარ ბუბულაშვილის თაოსნობით წამოწყებული აქციები – „ჩემი შესაწირი ტაძარს“, „სახელობითი ჩუქურთმა“, „შემოწირულობათა ყუთები“, თუმცა შემოწირულობამ ძალიან დაიკლო“, – ამბობს ბერიკა დუშუაშვილი.

ხარაგაულში ტაძრის მშენებლობა 2009 წლიდან მიმდინარეობს.

თამთა გოგოლაძე