მამა სპირიდონი (მუმლაძე), უკვე მეორე წელია, კიცხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის მოხატვაზე მუშაობს. პირველად 2013 წელს ჩამოვიდა თბილისიდან კიცხში ნუნისის წინამძღვრის, მამა პავლეს რეკომენდაციით. მაშინ, ჯერ კიდევ საერო პირმა, ტაძრის საკურთხევლის კარები მოხატა.

მოსახლეობისგან გაღებული შემოწირულობებისა და საეკლესიო კალენდრების გაყიდვიდან შემოსული თანხით, ტაძრის მთლიანად მოხატვა გადაწყდა. 2018 წელს კვლავ მოიწვიეს მამა სპირიდონი, რომელიც გულდასმით შეუდგა ტაძრის მოხატვის სამუშაოებს. ამ დროისათვის მას საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული.

„თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ პირველი ნაბიჯები ტაძრის მოხატვაში გადავდგი. 2005 წელს დავასრულე თელეთის წმინდა გიორგის ბაზილიკური ტაძრის მოხატვა. პარალელურად ვწერდი ხატებს.

2008 წელს საჩხერის სოფელ უზუმთაში მოქმედი წმ. გიორგის სახელობის მცირე ზომის ტაძარი მოვხატე. კიცხის ტაძრის მოხატვა, 2018 წელს, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით დავიწყე. მეუფეს გადაწყვეტილებით შეირჩა ტაძრის ფრესკებიც. ამ ეტაპზე საკურთხეველისა და გუმბათის ზედა რეგისტრის მოხატულობა დასრულებულია. კვლავ ვაგრძელებ მუშაობას“, – ამბობს მამა სპირიდონი.

ხატწერის კანონიკა ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან ჩამოყალიბდა. მაშინ მხოლოდ  სიმბოლოები გამოიყენებოდა. V-VI საუკუნეებში კი იგი ლიტურგიის დონეზე იქნა აყვანილი. როგორც მამა სპირიდონი ამბობს, ხატწერა ეს არის ღვთისმეტყველება „ფერებში“.

„იმას, რასაც სახარება ამბობს სიტყვით, ხატწერა ფერებით ასახავს. ამგვარად, იგი ღვთაებრივი გამოცხადებისა და ღმერთთან ჩვენი ერთობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ღვთისმსახურებისათვის ტაძარში შეკრებილი მართლმადიდებელი მორწმუნეები ხატებისა და ლოცვების  მეშვეობით უკავშირდებიან ზეციურ ეკლესიას. მისგან კი მაკურნებელ მადლს იღებენ“.

მამა სპირიდონი ქვეყანაში სხვადასხვა კუთხით შექმნილ რთულ სიტუაციას. განიცდის და ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანების უსიყვარულობა და გაუტანლობაა.

„თუ ყველა სიყვარულით აკეთებს იმას, რაც კარგად იცის, სულ სხვა ქვეყანას ავაშენებთ. ამქვეყნად ყველაფერი ღვთის დაშვებითაა. იმედი არ დავკარგოთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეთ. პირიქით, – უნდა გავძლიერდეთ რწმენასა და სიყვარულში. მე, როგორც ერთი რიგითი მღვდელი, ვლოცავ ყველას, ღმერთმა მოგვმადლოს  სიბრძნე და გონიერება. ღვთის მადლით ყველაფერი გადაივლის და კარგად იქნება! სიხარული, სიყვარული, წყალობა და მადლი უფლისა იყოს თქვენ ზედა! ამინ!“

ინტერვიუ ჩაწერილია სოფელ კიცხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა დიმიტრისა და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით.

ლიკა ხიჯაკაძე