ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, წინასწარი მონაცემებით, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მერიამ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს უნდა წარუდგინოს.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2020 წლის მსგავსად, მომავალი წლისთვისაც 110 ათას ლარს ითხოვს.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს მარტიდან სექტემბრამდე ღონისძიებებისა და სხვა ხარჯებისთვის განსაზღვრული ფინანსებიდან 2 ათასი ლარი დაეზოგათ. ამ თანხით წყლის ავზი, დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და ჰიგიენის საშუალებები შეიძინეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის პირველი ნოემბრიდან ღონისძიებების მენეჯერის შტატი დაამატეს და ამჟამად 23 თანამშრომელი ჰყავთ. ახალი შტატისთვის ხელფასის ასანაზღაურებლად თანხის დამატება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ სჭირდებათ.

2021 წელს მისაღები სუბსიდიიდან 103 ათასი ლარი ხელფასებში გაიხარჯება, 7 ათასი ლარი განსაზღვრულია ღონისძიებებისთვის, კომუნალური და სხვა ხარჯებისთვის.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გალობას, მაკრამეს, ხელგარჯილობას, საესტრადო სიმღერების, ხატვის, ლიტერატურული თეატრის, ნორჩი მათემატიკოსის, ინგლისური ენის, მხარეთმცოდნეობის შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს მარელისის სკოლაში აქვს ხის მხატვრული დამუშავების, ლეღვნის სკოლაში – ხალხური საკრავების, ხოლო ბორითის სკოლაში – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები.

ხარაგაულსა და ვერტყვიჭალაში, მოსწავლეთა სახლთან ფუქციონირებს სამუსიკო სტუდია „ჰარმონია“.

„ჩვენი სუბსიდიის 80% სახელფასო ფონდში იხარჯება, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – არაფერი ცვლილება არ არის არც წრეების დამატებისა და არც დაფინანსების გაზრდის კუთხით. კორონავირუსის პანდემიის გამო მოსწავლეებს ვეღარ ვამეცადინებთ. შევადგინეთ საახალწლო ღონისძიების გეგმა. თუმცა, არ ვიცით, რა მდგომარეობა იქნება“.

ნინო კაპანაძე