ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოხარაგაულის საავადმყოფო კოვიდცენტრად გადაკეთდა.

19 ოქტომბრიდან აქ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ხარაგაულის კოვიდცენტრის კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ამბობს, რომ ეს საავადმყოფო 16 პაციენტზეა გათვლილი. გამოჯანმრთელებულების გაწერისთანავე ახალი კოვიდინფიცირებული ადამიანები მოჰყავთ. ხარაგაულის კოვიდცენტრში დაავადების საშუალო სირთულის პაციენტებს მკურნალობენ.

„ხარაგაულში რეანიმაცია არ გვაქვს და ამიტომ საშუალო სირთულის კოვიდინფიცირებულებს ვიღებთ. მათ პროტოკოლით დადგენილ გამოკვლევებსა და ანალიზებს ვუტარებთ. ჩვენთან ტარდება ყველაფერი, რაც ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაშია დანერგილი. 19 ოქტომბრიდან დღემდე 43 პაციენტი მივიღეთ. აქედან ორის მდგომარეობა დამძიმდა და მათი რეანიმაციაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ქალბატონი სამტრედიიდან იყო. მას ჰქონდა მძიმე სომატური დაავადება, მეოთხე ხარისხის ფილტვის ქსოვილის დაზიანება. ხარაგაულის კოვიდკლინიკიდან 26 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ“, – ამბობს მაკა ქასრაშვილი.

ხარაგაულის კოვიდცენტრში ამ ეტაპზე სამი ხარაგაულელი ადამიანი ებრძვის კორონავირუსს. დანარჩენი პაციენტები არიან სამტრედიიდან, ქუთასიდან, ახალციხიდან, ოზურგეთიდან.

მედპერსონალს, მორიგეობის დასრულების შემდგომ psr ტესტი მათ უტარდება და ისე ბრუნდებიან ოჯახებში.

„მედპერსონალი თავდადებით, პროფესიონალურად და შემართებით მუშაობს. სხვანაირად არც შეიძლება. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჯერჯერობით, ჩვენი არცერთი თანამშრომელი კოვიდინფიცირებული არ არის. რეკომენდაციების დაცვის კონტროლი გაძლიერებულია,- ამბობს მაკა ქასრაშვილი,- ვცდილობთ, დავიცვათ საკუთარი თავი და პაციენტები. ყველანაირად ვართ უზრუნველყოფილი მედიკამენტებითა და საკვლევი მასალით“.

71 წლის ზესტაფონელი გულნარა ჭუმბურიძე ხარაგაულის კოვიდცენტრში დასთან ერთად მკურნალობდა. კორონავირუსის ნიშნები 26 ოქტომბერს გამოუვლინდა. ჰქონდა სიცხე 38 გრადუსამდე. დაეწყო კუნთების ტკივილი. ორშაბათს სამსახურში არ წავიდა, რადგან ამ სიმპტომებმა დააეჭვა. გაიკეთა ტესტი და დადებითი პასუხი მოუვიდა. ორი დღის შემდეგ მის დასაც, რომელსაც მრავალი ქრონიკული დაავადება აქვს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. დარეკეს 112-ში. ამის შემდეგ ორივე ხარაგაულის კოვიდცენტრში მოიყვანეს.

„ხარაგაულის კოვიდცენტრში ძალიან კარგი გარემოა. ექიმები და ექთნები სიყვარულითა და სითბოთი გვემსახურებოდნენ. მოწესრიგებული და დისციპლინირებული სამედიცინო ცენტრია, რაც მისი ხელმძღვანელის, გიორგი ამურველაშვილის დამსახურებაა.

მადლობა ხარაგაულის კოვიდცენტრის კლინიკურ მენეჯერს მაკა ქასრაშვილს იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩვენ მიმართ იჩენდა. მადლიერი ვარ ყველა ექთნის, დამხმარისა და ექიმის. შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო მათზე. ჰიგიენური თვალსაზრისით ძალიან მოწესრიგებულია ეს ცენტრი. აქვს არაჩვეულებრივი კვებითი ბლოკი, – ამბობს გულნარა ჭუმბაძე, – ჩემს დას აქვს ქრონიკული დაავადებები: დიაბეტი, ანევრიზმა, ჩიყვი, ჰიპერტენზია. ვფიქრობ, თუკი ადამიანი საკუთარ თავს დროულად მიაქცევს ყურადღებას, არავინ დაიღუპება და ამ ვირუსს დაამარცხებს. დღეს რომ მე და ჩემმა დამ ეს ვირუსი დავამარცხეთ, ხარაგაულის კოვიდცენტრისა და მისი პერსონალის დამსახურებაა.

ლიკა ხიჯაკაძე