ხარაგაულში 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდა.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ ამომრჩეველთა ხმების 68,86% მიიღო, ამავე პარტიის მერობის კანდიდატს ხარაგაულში – კობა ლურსმანაშვილს მხარი ამომრჩეველთა 55, 75%-მა დაუჭირა.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში სულ 103 837 ამომრჩეველია. მათგან საჩხერეში – 41 768, ჭიათურაში – 42 577, ხარაგაულში – 19 492.

40 ლარი „5“-იანის პლაკატების დასახევად

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დილის საათებში მშვიდად მიმდინარეობდა. შუადღის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისგან ამომრჩეველთა აღრიცხვის, მოსყიდვასა და ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე ალაპარაკდნენ.

ხარაგაულის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილმა პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორის რვეული იპოვნა, სადაც კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარის გასწვრივ მათთვის გადახდილი თანხის ოდენობაა მიწერილი. თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს თბილისიდან ჩამოსული, ძალოვან უწყებებში დასაქმებული ხარაგაულელები ხვდებოდნენ და მათგან „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას მოითხოვდნენ.

„კოორდინატორის რვეულში ერთი საინტერესო ჩანაწერია, – „40 ლარი „5“-იანის პლაკატების დასახევად“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე, – „ქართული ოცნების“ კოორდინატორ გულიკო ჭარბაძეს ახლა 40 ლარს გადავუხდით და ხარაგაულის ქუჩები პლაკატებისგან გაასუფთავოს. ამ რვეულში მოყვანილი ფაქტების გამო პროკურატურაში საჩივარი შევიტანე. თანაპარტიელებთან ერთად წინასაარჩევნოდ ხარაგაულში კარდაკარ ყველა ოჯახი შემოვიარეთ. მოსახლეობის განწყობები სულ სხვაგვარი იყო“.

საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფულის დარიგებისა და აგიტაციის შესახებ საუბრობენ „ლელოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ინგა მაღრაძე და „ევროპული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი.

„ლაშეში გაზიფიცირება მიმდინარეობს, – ამბობს აკაკი მაჭავარიანი, – არჩევნების წინა დღეს ბუნებრივი აირი მთელ სოფელში მხოლოდ ერთადერთ ოჯახში – ჩვენი პარტიისგან დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრის ოჯახში შეიყვანეს. ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენ. ეს მოსყიდვაა.

თითქმის ყველა უბანზე რწმუნებული და დეპუტატი იმყოფებოდა და აგიტაციას ეწეოდა, რაც ამომრჩეველზე გავლენას ახდენდა“.

ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაზე საუბრობს ხარაგაულში „ლელოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ინგა მაღრაძე. ის ამბობს, რომ ისლარის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორის, ხათუნა ციცქიშვილისგან ფულის დარიგების ფაქტს შეესწრო. მისივე შეფასებით, სახელისუფლებო პარტიამ თავისი მხარდამჭერები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მათ ასეთ უკანონობაში მონაწილეობა არ სურთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას აპირებს და ამბობს, რომ მათ პატივი უნდა სცენ თავიანთ მხარდამჭერებს და პასუხისმგებლობა მიღებული ხმების შესაბამისად აიღონ.

„საარჩევნო პროცესში ჩართული პარტიები პროცედურებში კარგად ერკვევიან, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – რა არის გასაკვირი იმაში, რომ კოორდინატორებს, ზონის, უბნის უფროსებსა და აგიტატორებს შესრულებულ სამუშაოში თანხა გადავუხადეთ?! მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იხარჯებოდა თანხები. როდესაც ჩვენგან მოსყიდვაზე საუბრობენ, რაც თავად დახარჯეს, ის თანხებიც გაასაჯაროონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ ძალას ზურგი აქცია როგორც არაკორექტულ, არაცივილიზებულ პარტიას, რომელიც წლების განმავლობაში შიშსა და ტერორს ნერგავდა“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

„უბნების ბათილობის საფუძველი არ არსებობს“

#20 საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში სულ 14 საჩივარი შევიდა. კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, საჩივრები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან მიიღეს.

დაკმაყოფილებული სამი სარჩელიდან ორი ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, მესამე სარჩელი კი – „ხარაგაულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენელმა ქეთევან ზუმბაძემ შეიტანა.

„საოლქო კომისიამ ჩვენი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – #48.27 ღორეშის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა გაფრთხილება მიიღეს. თუმცა, ჩვენ უბნის ბათილობასაც ვითხოვდით. სასამართლოს ვეღარ მივმართეთ, ვადებში ვეღარ ჩავეტიეთ“.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში ორი საჩივარი შეიტანა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ოლქისგან მიღებული გადაწყვეტილებები არც მათ გაასაჩივრეს.

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე ამბობს, რომ „სხვა საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებული დარღვევები უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ აქცენტი სხვაგან გადავიტანეთ“.

დანარჩენი საჩივრები, რამდენიმე უბნის ბათილობის მოთხოვნით, ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩხერისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წამომადგენლებმა შეიტანეს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები – ზურა ცერცვაძე და გოგი ჩიქვილაძე ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში საქმის გაგრძელებაზე პარტიის სათაო ოფისმა აღარ მიიღო.

„უბნების შედეგების გაბათილებას თავისი საფუძვლები აქვს – უნდა არსებობდეს შესაბამის ფაქტებზე უბანზე დაწერილი საჩივარი, ოქმში უნდა ეწეროს განსხვავებული აზრი, ან კომისიის ის წევრი, რომელიც ოქმის სიზუსტეს არ ეთანხმება, ხელს არ უნდა აწერდეს. ასეთი ფაქტების არარსებობის გამო უბნების ბათილობის საფუძველი არ გვაქვს“, – ამბობს საოლქო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე.

 იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის უფლებები შეიზღუდა

საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფი პირებიდან 31 ოქტომბრის არჩევნებში სპეცსიაში 52- პირი იყო. სპეცჯგუფის თავმჯდომარე მაკა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 52 პირიდან ხმა 41-მა მისცა. მათგან ხარაგაულში მცხოვრებია 31 მოქალაქე. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტის ამომრჩეველია და ისინი ხარაგაულის კოვიდცენტრში მკურნალობენ.

31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ჯაფაროულში მცხოვრები ბესო ხომასურიძე. ის ამბობს, რომ ცესკოს ცხელ ხაზზე დროულად, 27 ოქტომბრამდე დარეკა, თუმცა, სპეცსიაში ვერ მოხვდა. მისი თქმით, პასუხი, თუ რატომ არ შეიყვანეს სპეცსიაში, ვერავისგან მიიღო.

„31 ოქტომბერს ჩემი თვითიზოლაციის ბოლო დღე იყო, – ამბობს ბესო ხომასურიძე, – არჩევნებზე მისვლა მინდოდა, მაგრამ გამაფრთხილეს, რომ იზოლაციის წესების დარღვევისთვის დავჯარიმდებოდი. ყველას დროულად მივმართე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ცესკოს, ადგილობრივ საოლქო კომისიას, მაგრამ სპეცსიაში მაინც ვერ აღმოვჩნდი. ვფიქრობ, კონსტიტუციური უფლება ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო შემეზღუდა – „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი ვარ“.

„ძალიან მსურდა არჩევნებში მონაწილეობა, – ამბობს ხარაგაულელი ნათია კიკნაძე, – საღანძილეში ვარ რეგისტრირებული, მაგრამ ოჯახით ხაშურში ვცხოვრობ. 27 ოქტომბრამდე მივმართე ცესკოს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ვაცნობე, რომ ფიზიკურად ხაშურში ვიქნებოდი. აღმოჩნდა, რომ სპეცჯგუფმა საღანძილეში მომაკითხა. თვითიზოლაციის წესებს დავარღვევდი, საღანძილეში რომ ჩამოვსულიყავი. საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის მეტი კომუნიკაცია იყო ალბათ საჭირო, რომ არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაკარგულიყო“.

არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა თვითიზოლაციაში მყოფ ირაკლი მღებრიშვილს. ის ამბობს, რომ ხმის მისაცემად მამასთან ერთად დარეგისტრირდა. სპეცსიაში მამამისი აღმოჩნდა, თავად ირაკლი – არა.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაყვალა სულაქველიძე გაკვირვებულია, თუ რატომ არ აღმოჩნდა ცესკოდან გადმოგზავნილ სპეცსიაში იზოლაციაში მყოფი ყველა ხარაგაულელი ამომრჩეველი.

„არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის გამო, განსხვავებულ გარემოში ჩატარდა, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ ლაცაბიძე, – სპეცსიაში მოსახვედრად ამომრჩევლები 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. როგორც ჩანს, ცესკომ ტექნიკურად ვერ შეძლო ყველა ამომრჩევლის სპეცსიაში შეყვანა. არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს იმ პირებმა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა ან თვითიზოლაციაში 27 ოქტომბრის შემდეგ გადავიდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და შესაბამის რეკომენდაციებს შევიმუშავებთ“.

როგორ აფასებენ არჩევნებს ოპოზიცია და მმართველი პარტია

ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, ზეწოლისა და საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსების გამო არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და ფართომასშტაბიან ქუჩის აქციებს აანონსებენ.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა. მათგან ყველაზე რეიტინგულ ხუთ კანდიდატს საარჩევნო პროცესების შეფასება ვთხოვეთ.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება, რადგან არჩევნების დღეს ამომრჩევლებზე განხორციელებულმა მოსყიდვის მასშტაბებმა და ზეწოლებმა ყველა ზომას გადააჭარბა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კაპანაძე არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეშიც განხორციელდა – ეს იყო ძალადობა, ტერორი, მოქრთამვა, დაშინება, სამსახურიდან გაგდების მუქარა.

გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება კანონიერი აქციებით ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კასრაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მომხდარმა მძიმე დარღვევებმა ადამიანების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. მისი შეფასებით, მკვეთრად არ არის გამიჯნული ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელიც თანასწორობის უფლებას არღვევს.

„სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ იმავე ვითარებაში დავრჩეთ, რომელშიც ბოლო რვა წელია ვცხოვრობთ, – ამბობს გიორგი კასრაძე, – შეცდომებს, რომელიც ოპოზოციურმა პარტიებმა დავუშვით, გავაანალიზებთ. თუმცა, მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობებიდან გამომდინარე, გამაოგნებელი იყო ის შედეგი, რაც მივიღე“.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის საკუთარი ხედვების გაცნობის შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ჰქონდა. მისი შეფასებით, ხალხის არჩევანს ფული და მუქარა ვერ შეცვლის, – ასე იყო 90-იან წლებში, როცა ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტური წყობა შეცვალა, იგივე მოხდა შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების შეცვლისას; მოსახლეობა ვერ ხედავს სანდო ძალას, რომელსაც ქვეყნის მართვას ჩააბარებს. ის ოპოზიციას შედეგების აღიარებას და საქმიანობის პარლამენტში გაგრძელებას ურჩევს.

შემაჯამებელი ოქმების გაყალბებაზე საუბრობს „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე და თვლის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. „სწორი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ, რომ „ხმების ქურდებთან“ ერთად არ დაჯდეს პარლამენტში“, – ამბობს ანი მიროტაძე და გამოსავალს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს, რომელსაც ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

საღად მოაზროვნე ადამიანებს ცვლილებები გვჭირდება

ა/ო „წიფლარის“ თავმჯდომარე მანანა ტაბაშიძე გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ საარჩევნო კომისიების დატრენინგებულმა წევრებმა შემაჯამებელი ოქმები სწორად ვერ შეავსეს.

„ეუთო/ოდირიც არ თანაუგრძნობს ოპოზიციას, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – სარჩელების განხილვას თვეები დასჭირდება. ასეთი რთული ეპიდსიტუაციის დროს მთავრობაც რომ არ გვყავდეს, არ შეიძლება. დამოუკიდებლობის კიდევ რამდენი წელია საჭირო, რომ ჩვენ ღირსეულად ვიცხოვროთ“.

ხარაგაულში მცხოვრები გიორგი მაქაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ვითარება ქვეყანას მხოლოდ აზარალებს. მისი მოსაზრებით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი უნდა შეთანხმდნენ, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და საკუთარი მხარდამჭერების იმედები გაამართლოს.

ფერმერი ლაშა გურგენიძე ამბობს, რომ ეს არჩევნები შევარდნაძის დროინდელი არჩევნებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ის მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ბრალია და თუ არაფერი მოვიმოქმედეთ, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს კი ცვლილებები სჭირდება.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

როგორ მიმდინარეობს არჩევნები ხარაგაულში
როგორ ჩაიარა არჩევნებმა ხარაგაულში

https://www.facebook.com/chkh.org/posts/3365401203552850