დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, აიცრან გრიპის ვირუსის ვაქცინაზე. მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 38000 ადამიანია აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

„ჯერ გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მაგრამ აცივებასთან ერთად მოსალოდნელია მისი გამოჩენა. სხვა რესპირაციული ვირუსები უკვე ცირკულირებენ. 235 ათასი დოზა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ვინც გრიპის ვირუსზე იყო აცრილი, გაზაფხულზე კორონავირუსით ნაკლებად დაზარალდა. გრიპის ვაქცინა კორონავირუსისგან არ გიცავს, მაგრამ მისი ზედდება გრიპის ვირუსთან აღარ მოხდება“.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა, თუმცა უმთავრესი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

„ვერავინ აუკრძალავს ადამიანს აზრის გამოხატვის უფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის. ადამიანებმა უნდა დაიცვან ყველა პრევენციული ღონისძიება. აქციები ხელს უწყობს ინფიცირების ზრდას, ამას ხვალ და ზეგ ვერა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში. პოლიტიკური პროცესი ხელს უშლის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს,- ამბობს ამირან გამყრელიძე- დაგვანებეთ ექიმებს თავი. ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. სულ ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ჩემთვის მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.