უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას.
ამ მიზნით მხოლოდ მძიმე შემთხვევების მქონე პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია მოხდება.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა, ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით.
ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, კოვიდ-სასტუმროებში უნდა გადავიდნენ. სხდომაზე აღნიშნა, რომ კოვიდსასტუმროებში უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, იქმნება მოხალისეთა ბაზა, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს. ისინი ნაწილდებიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ინფიცირების შემთხვევების მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი ონლაინკლინიკების მეშვეობით.
დამატებით მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზება, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს პანდემიის კუთხით მსოფლიოში არსებული ვითარება, რომელიც უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 620 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჯამური რიცხვი 50 მილიონს უახლოვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 852 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 39 773 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 441 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 2 599 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 670 პირი.