კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს, 6 ნოემბერს, 2 ათასზე მეტია.

– მდგომარეობა ძალიან საფრთხილოა, – ამბობს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე, – საზოგადოებამ უნდა გავითავისოთ, რომ ხვალ რა იქნება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

თუ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა, ჯანდაცვის სისტემას, რაც უნდა მომზადებული იყოს, პანდემიის მართვისთვის მედპერსონალის რესურსი აღარ ეყოფა.

კორონავირუსთან ბრძოლის ძირითადი „ფრონტის ხაზი“ ახლა ოჯახის ექიმზე გადის. პირველ რიგში მათ უნდა დავუკავშირდეთ. ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვის მიმართულებით გადამზადდნენ.

სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ მე, როგორც საზოგადოების წევრმა, თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. პირბადეების ტარება და ყველა შემზღუდავი ღონისძიება, რაც დღეს მოქმედებს, უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს.

ახლა პასუხისმგებლობა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის თანაბრად ნაწილდება.

იმედია, უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს რეგულაციების დაცვაზე, ვიდრე დღეს ფიქრობს. საკუთარი ჯანმრთელობის დარაჯი ვართ ჩვენ და ჩვენი კეთილგონიერება.

ნინო კაპანაძე